მთავარისაქართველოსაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელი 1 მარტამდე განიხილოს

საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელი 1 მარტამდე განიხილოს

სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. 1 მარტს უკვე არჩეული იქნებიან იმ ორი სამსახურის უფროსები, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქმნება.  სწორედ ამიტომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მოქმედება პირველ მარტამდე შეაჩეროს.

„თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს ამ ნორმის მოქმედებას, ჩვენ გვექნება ასეთი მოცემულობა, რომ 2022 წლის პირველ მარტამდე არჩეული იქნებიან ახალი სამსახურის უფროსები და ლონდა თოლორაიას შეუწყდება უფლებამოსილება. შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი რომც დააკმაყოფილოს, არაფერი შეიცვლება. ლონდა თოლორაია არ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის რანგში, ხოლო ამ ორ თანამდებობის პირს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არ შეუწყდება უფლებამოსილება, ანუ ეს სარჩელი აზრს დაკარგავს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო არ იქნება ლონდა თოლორაიას უფლებების დაცვის ეფექტური საშუალება“,  – ამბობს ლონდა თოლორაიას ინტერესების დამცველი გიორგი გოცირიძე.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნის შესახებ მაშინ გამოაცხადა, როცა ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს პარლამენტს დასავლელი პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მოუწოდებდნენ თავი შეეკავებინა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისგან. მიუხედავად ამისა   პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები იქმნება.

ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს ლონდა თოლორაიამ 28 იანვარს მიმართა. რომ არა პარლამენტის გადაწყვეტილება, ლონდა თოლორაიას სახელმწიფო ინსპექტორის რანგში 2025 წლამდე უნდა ემუშავა.

„ვადაზე ადრე დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე პუნქტის პირველი მუხლით აღიარებულ უფლებას, საჯარო მოხელემ თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ვადებში. ვინაიდან მას აქვს ამის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თანამდებობაზე იმყოფებოდეს კანონით დადგენილ ვადებში და ამ შემთხვევაში ეს ლეგიტიმური მიზანი დარღვეულ იქნა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით და ამიტომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, – მიიჩნევს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

თავად საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს განცხადებით გამოეხმაურა. ცნობილია, რომ აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა, თუმცა ამ განცხადებაში სასამართლო სხდომის ჩატარების ვადებზე არაფერია ნათქვამი.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პირველ მარტამდე არ დააკმაყოფილებს ლონდა თოლორაიას სარჩელს, ინსპექტორის სამსახურს ერთ თვეზე ნაკლები რჩება პერსონალურ მონაცემთა დაცვის 70 და სისხლის სამართლის 619  მიმდინარე საქმის შესასწავლად. ამავე პერიოდში უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრების გასაჯაროების ეპიზოდზე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend