მთავარისაქართველოევროპარლამენტარის ვიზიტი საქართველოში

ევროპარლამენტარის ვიზიტი საქართველოში

როგორია საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება და რამდენად ოპტიმალურად ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობებს. ამის გასარკვევად ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავდა. თავდაპირველად ევროპარლამენტარი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

„ვიზიტი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ორი მიმართულება არის მნიშვნელოვანი. ერთი, ასოცირების შეთანხმების შესრულება და მეორე, ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სვენ მიქსერი არის ევროპარლამენტის სწორედ ის წევრი, რომელიც ამზადებს მოხსენებას საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

სვენ მიკსერმა მორიგი შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართა. ისაუბრეს საქართველოსადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერასა და რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა პოლიტიკურ ძალებს შორის ფუნდამენტურ საკითხებზე კომპრომისებისა და შეთანხმებების მიღწევის აუცილებლობას.

„პროდასავლური პარტიები ამ საკითხში ვფიქრობ, რომ ვართ ერთიანები. კითხვა შეეხება ასოცირების ტრიოს ფორმატს, რომელიც ზაფხულში გაფორმდა საქართველოში – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, რომელიც არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს დასავლეთს და ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს სუვერენიტეტს და ნატოში წევრობას, არამედ ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციის ნებას, რომელიც ხალხის მხარდაჭერით არის განპირობებული. მათ შორის ბოლო კვლევებითაც ეს მხარდაჭერა 80%-ზე ზევით არის. ტრიოს პერსპექტივასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები იქნებოდა მნიშვნელოვანი რუსული აგრესიისა და შანტაჟის ფონზე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრების შემდეგ ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი პარლამენტის საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს კვლავ დაუჭერს, თუმცა ამისათვის საქართველომ ყველა პირობა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.

„ევროპარლამენტში ჩემი მოხსენება და საქართველოში ვიზიტი არის პერიოდული და ის ძირითადად საქართველოს მხრიდან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს ეფუძნება. მოგეხსენებათ, რომ ეს ხელშეკრულება ეკონომიკურ რეფორმებს მოიცავს, რაც ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენ სწორედ ხალხის სურვილს ვუჭერთ მხარს. ამისათვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა და განვითარებაზე ორიენტაციისთვის პოლიტიკურ ძალებს შორის ფუნდამენტურ საკითხებზე კონსენსუსი. დემოკრატიული მმართველობისათვის აუცილებელია ყველამ დაიცვას მაღალი სტანდარტი და მყარი ურთიერთობა შეინარჩუნონ საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.

სვენ მიკსერი საქართველოში გამართული შეხვედრებისა და მიღებული ინფორმაციების შესახებ მორიგ მოხსენებას ევროპარლამენტის სხდომაზე წარადგენს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend