მთავარისაქართველოიაფი მედიკამენტები თურქეთიდან - რა იცვლება მოსახლეობისთვის

იაფი მედიკამენტები თურქეთიდან – რა იცვლება მოსახლეობისთვის

არასრულფასოვანი კვების, თანამედროვე ადამიანისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების ნაკლებობისა და სხვა ყოფითი პრობლემების გამო, ხანდაზმული მოსახლეობის დიდი ნაწილი აფთიაქების ხშირი სტუმარია.

მათ შორისაა ნანა შუკაკიძე, რომელსაც  გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს და ექიმმა, ძირითადად მაღალი ხარისხის ფრანგული მედიკამენტები გამოუწერა. ხანდახან წამლის გარეშეა, რადგან მისი მთავარი შემოსავალი მწირი პენსიაა, მედიკამენტები კი მისი თქმით იმდენად გაძვირებულია, რომ რიგითი ქართველი მოხუცისთვის უკვე ფუფუნებას წარმოადგენს.

„პენსიონერისთვის წამლები ნამდვილად ხელმიუწვდომელია. გულსისხლძარღვთა პრობლემები მაქვს და ექიმმა ფრანგული წამლები დამინიშნა. 200-250 ლარი მჭირდება ყოველთვე. შვილები რომ არ მეხმარებოდნენ, არ ვიცი როგორ მოვახერხებდი ყიდვას“, – ამბობს ნანა შუკაკიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი გახდება. მაგალითად, თურქეთში მედიკამენტები საქართველოსთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში 1000%-ით იაფია. ამიტომ, მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან სხვადასხვა ჯგუფის წამალი იაფად შემოვა. ნანა შუკაკიძეს თურქული წამლების ხარისხთან კითხვები აქვს, თუმცა აპირებს რომ საცდელად იყიდოს.

„მე არ ვიცი თურქული წამლები როგორია. იქაურ ექიმებს კი აქებენ და ვენდობით, მაგრამ წამლები არ ვიცი. მოვსინჯავ, თუ უფრო უკეთესი იქნება და ჩემს ჯიბესაც წაადგება, რატომაც არა. თუ არა და ისევ ჩემს წამლებს დავუბრუნდები“, – აცხადებს ნანა შუკაკიძე.

„საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ეს ინიციატივა მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთი გზაა. ფარმაცევტული ბაზარი სხვა პრობლემების წინაშეცაა, რომელთა მოგვარების გარეშე, მთავრობის მიერ გამოყენებული ეს დროებითი ღონისძიება მოსახლეობისთვის სიტუაციას საგრძნობლად ვერ შეცვლის.

“მიზანი არის ბაზარზე იყოს იაფი და ხარისხიანი წამლები. მთავრობის ეს ინიციატივა მხოლოდ ერთ-ერთი გზაა და რაღაც სიკეთეს ნამდვილად მოიტანს. მაგრამ ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება სტრუქტურული ცვლილებები და ახალი რეგულაციები, რომელთა გარეშეც მოსახლეობისთვის დიდად არაფერი შეიცვლება. ფარმაცევტული საქმიანობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა და ამისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც უნდა შესრულდეს“, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

მთავრობა დისტრიბუტორ კომპანიებს მოუწოდებს თურქეთიდან წამლები მალე შემოიტანონ. თუმცა, ეს პროცესი ასე მარტივიც არაა და პოლიტიკური კეთილი ნების მიღმა, უამრავი ბიუროკრატიული თუ სტანდარტების შესაბამისი პროცედურებია გასავლელი. კონკრეტული თარიღი თუ როდის გამოჩნდება საქართველოში აფთიაქების დახლებზე იაფი და ხარისხიანი თურქული წამლები, ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend