მთავარისაქართველოსანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები მოლაპარაკებების პროცესში იურისტების ჩართვას ითხოვენ

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები მოლაპარაკებების პროცესში იურისტების ჩართვას ითხოვენ

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს მათ იურისტებთან ერთად შეხვდეს და განსახლების პირობები განიხილონ. სწორედ ეს გახდა მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი.

„ჯანდაცვის მინისტრო, ხვალ 15:00 საათამდე ველოდებით თქვენს პასუხს. ხვალ, სამის შემდეგ ჩვენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან და ჩვენს იურისტთან ერთად, შემოვდივართ პირდაპირ თქვენს კაბინეტში. კმარა სიცრუე“, – განაცხადა აქციაზე ესმა ხორავამ.

„ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ არის იურისტი, გვინდოდა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო იურისტი, რომ სამართლებლივ ნაწილში მშვიდად ვყოფილიყავით ჩვენც და გარანტიები ყოფილიყო სწორად აღქმული და გაგებული ჩვენი მხრიდან. პროცესს რომ ხელი არ შეშლოდა, დაგვეხმარებოდა იურისტის ჩართულობა, მაგრამ მათი მხრიდან შემადგენლობა იქნა დაწუნებული და გვითხრეს, რომ ვერ შეგვხდებიან თუ ჩვენთან ერთად შეხვედრაზე იქნებიან იურისტი ან სახალხო დამცველის წარმომადგენელი“, – ამბობს სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები თამარ საუთიევა.

შენობა, რომელშიც დევნილები ახლა ცხოვრობენ ავარიულია და როგორც ამბობენ,  საფრთხე დღითიდღე იმატებს. ისინი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

„რას ვითხოვთ ისეთს, ფუფუნებას არა. შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ვითხოვთ ფართს. ქირით გასვლა გამორიცხულია. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო გაიყვანეს ყველაზე დიდი სამი თვე და მერე არ იხდიან. ახლა ჩვენთან ასეთი შემოთავაზებაა, ერთი წლით გაგვიყვანენ და ამ ერთ წელში კორპუსები ჩაბარდებაო. 29 წელი რომ არ გაუკეთებიათ, იმას ერთ წელიწადში ვერ გამიკეთებენ. დავუშვათ, იმ ერთი წლის მერე თუ არ იქნება კორპუსი დასრულებული და ვერ გადამიყვანა, მე სად მივდივარ, სად მიშვებ? ჩვენ უკან დასაბრუნებელი იმ ნანგრევებშიც არ გვაქვს“, – ამბობს ავარიულ კორპუსში კიდევ ერთი მცხოვრები ლელა კარტოზია.

დევნილების დღევანდელ განცხადებებს ჯანდაცვის სამინისტროში არ უპასუხეს. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 24 იანვარს განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებთან 200-მდე ბინის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სანატორიუმ „ქართლთან“ დაკავშირებით,ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა. მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და მიმდინარე წელს ბინებით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ამ ოჯახებს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს დევნილი მოსახლეობა არ ენდობა. სწორედ ამიტომ ითხოვენ განსახლების შესახებ მოლაპარაკებები იურისტების მონაწილეობით წარიმართოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend