რეზოლუციის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს უნდა მიეღო უკრაინის მხარდასაჭერად, ჩავარდა. ოპოზიცია უარს ამბობს, ხელი მოაწეროს უკრაინის მხარდამჭერ ისეთ ტექსტს, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.
„დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი ვერსია, იქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის მოთხოვნები და ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, შეთანხმებას შევძლებდით, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება, მე სხვანაირად ამას ვერ ვხსნი იმიტომ, რომ არაფერი კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია „ქარული ოცნებისგან“ და ის ტექსტიც კი, რომელიც დილით იყო წარმოდგენილი, ისიც კი შეიცვალა“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უკვე ცნობილია. დოკუმენტი პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში მხარი უნდა დაუჭიროს ამ ვარიანტს, რადგან მათი შეფასებით, თითოეული სიტყვა გაზომილია.
„სამწუხაროდ, მხარეთა პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები დააინიცირებენ იმ ტექსტს, რომელსაც ახლა გაგაცნობთ. საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია – უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, დაცლილია რეზოლუცია მთლიანად, ამას შემთხვევით არ ვამბობ, პროვოკაციული რიტორიკისგან“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ამასობაში კი უკრაინის საელჩოსთან „სამოქალაქო საზოგადოების“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მდუმარე აქციით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოსა და უკრაინას ერთი საერთო მტერი ჰყავს და დღეს დუმილი დანაშაულია.
ანა ალელიშვილი