მთავარისაქართველოსახელმწიფო ინსპექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სახელმწიფო ინსპექტორი ასაჩივრებს მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლო ორი ახალი სამსახურის შექმნას და ახალი უწყების ხელმძღვანელების არჩევის წესს. ასევე სარჩელში მოთხოვნილია, საკონსტიტუციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს გასაჩივრებული საკითხების მსვლელობა.

„ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 25-ე მუხლთან, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ჩვენგანის უფლებას, ვიყოთ დასაქმებულები საჯარო სამსახურში და დავიკავოთ ნებისმიერი თანამდებობა და ეს პირობები არის განსაზღვრული კანონით. კანონით, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორი აირჩა 2019 წელს, ამ კანონმა თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობაზე უნდა ყოფილიყო 6 წლის ვადით. არჩევითი თანამდებობის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ არჩევითი თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს იმ უწყების დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს და ამ არჩევით თანამდებობის გაუქმებით, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პოზიციას, რომელზეც მე ვარ, არამედ ყველა არჩევით თანამდებობას“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.

„არაკონსტიტუციური იყო სწორედაც მისი მოქმედი თანამდებობის პირის, მისი ხელმძღვანელის, თანამდებობიდან გადაყენების თვალსაზრისით და ის ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას და, შესაბამისად, ის, რაც პარლამენტმა გადაწყვიტა და რა გადაწყვეტილებაც მიიღო დაახლოებით ერთი თვის წინ, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი“, – აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

საქართველოს პარლამენტს დასავლელი პარტნიორები მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმებისგან. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონი დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. თითქმის ერთი თვის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ორი ახალი უწყების ხელმძღვანელ პირებს პრემიერ-მინისტრთან არსებულ სპეციალური კომისია შეარჩევს და თავად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

„იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდეს. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. უკვე ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა

„მას ადრეც ჰქონდა დაანონსებული, რომ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის მისი უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ამ მხრივ იყო ნამდვილად გამართული“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს, 25 იანვარს, უწყების გაუქმების შესახებ საჩივრით სახალხო დამცველმაც მიმართა. ომბუდსმენი ასაჩივრებს უწყების გაუქმების კანონს და ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend