მთავარისაქართველოგანათლების დღე: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სწავლების პროცესს

განათლების დღე: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სწავლების პროცესს

24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2018 წელს დააწესა. ამ დღის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ თანასწორი განათლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. წელს განათლების დღის  მთავარი თემაა წარმოაჩინოს ცვლილებები, რომლებიც განათლების სფეროში მიმდინარეობს. რას ფიქრობენ მოსწავლეები სასწავლო მეთოდების შესახებ და როგორ შეცვალა ტექნოლოგიებმა სწავლების პროცესი.

პანდემიის გამო გაკვეთილებზე ფიზიკური დასწრება ბავშვებისთვის უჩვეულო და მონატრებული გახდა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაკვეთილებს ბევრი დადებითი მხარე აქვს,  თანატოლებთან კომუნიკაციას ვერაფერი შეედრება.

მოსწავლეებმა კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები გასართობად და სწავლისთვისაც.

„მაგალითად პრეზენტაციების ასაგებად სხვადახვა ტექნოლოგიებს ვიყენებთ კომპიუტერს, სხვადსხვა საიტებს ფოტოების და ინფორმაციის მოსაძიებლად. დისტანციური სწავლება ჩემთვის მარტივი არ არის, თუმცა თავისი პლუსებიც აქვს, რადგან უფრო მეტად გვაქვს საშუალება თანამედროვე ტექნოლოგიებით შევძლოთ ინფორმაციის ათვისება”, -ამბობს მერვე კლასის მოსწავლე მარიამ ქუქჩიშვილი

„მეოთხე მეხუთე კლასში ვსწავლობდით კომპიუტერებთან გაკვეთილებს, ახლაც რომ ასე იყოს ჩვენ გაგვიხარდებოდა. ტელეფონიც უფრო მეტად თუ იქნება ჩართული ჩვენი სწავლის პროცესში კარგი იქნება რადგან ყველამ ვიცით მისი გამოყენება. ჩემი აზრით 21-ე საუკუნეში სკოლა უკვე კარგად ერგება ჩვენს რეალობას და ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვმა გაიგოს“, – მიიჩნევს ნიკოლოზ ბენდელიანი

მასწავლებლები ყვებიან, რომ განათლების პროცესი მოსწავლეებთან ერთად იცვლება, თანამედროვე მოსწავლე კი სიახლეებს არ ერიდება.

“ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ და წინ წავიდეთ, რათა თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ, გამოსავალი კი ახალ მიდგომებშია, ტექნიკურ საშუალებებში ტექნიკურ აღჭურვილობაში, მაგალითად გვაქვს კომპლექსური დავალებები, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ“, – ამბობს სკოლის მასწავლებელი მარინა მამულაშვილი

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სწავლების მეთოდები მუდმივად იცვლება, თუმცა პანდემიამ და ტექნოლოგიურმა საჭიროებებმა ეს პროცესი უფრო დააჩქარა.

„არა ერთი პროგრამა შეიქმნა, მაგალითად „ვსწავლობთ თამაშით“, რომელიც ადაპტირებულია და ტელეფონითაც შეიძლება რომ გამოიყენონ ბავშვებმა. ასევე მიდის ანბანის და ქართული გრამატიკის შესასწავლად სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა მეტად ვიფიქროთ ამაზე. მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ  ამ პროგრამების შექმნა, არამედ მისი გააზრებულად დანერგვა სწავლებაში. ანუ ტექნოლოგიები ტექნოლოგიებისთვის არა. რადგან ეს მათი სამყარო და რეალობაა ჩვენ უნდა შევძლოთ მათი დახმარებით სწავლის პროცესი სასიამოვნო გავხადოთ“, -ამბობს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა

ონლაინ სწავლებამ, სასწავლო პროცესის ტექნოლოგიების გამოყენებამ როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების რეალობა შეცვალა. პედაგოგებისთვის სწავლების ეს ფორმა ახალი გამოცდილებაა, მოსწავლეებისთვის კი ტექნოლოგიური ცოდნისა და სასწავლო პროცესის გაერთიანების შესაძლებლობა.

 

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend