მთავარიევროპაუკრაინაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ შეიძლება პუტინს ფართო მასშტაბიანი ომი არ სურდეს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე,პრეზიდენტმა განმარტა, რომ ნატოსა და დასავლეთის პასუხი რუსეთის მოქმედებების შესაბამისი იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ყველა წევრ ქვეყანას ერთი პოზიცია ქონდეს. ამის მიღწევას ვცდილობ. ნატოში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ თუ რა სახის სანქციებზე არიან ქვეყნები მზად. ეს იმაზეა დამოკიდებული რა მოხდება. რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებას უარყოფითი გავლენა ექნება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ისე ნატოს სხვა წევრ ქვეყნებზე. მაგრამ მას განსაკუთრებული გავლენა რუსეთზე ექნება. ამიტომ საჭიროა საერთო გეგმაზე შევთანხმდეთ. მჯერა, თუ რუსეთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს და უკრაინელ მებრძოლებს მოკლავს მაშინ ყველაფერი შეიცვლება” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეამციროს მოსკოვზე ენერგო დამოკიდებულება. მან ევროპარლამენტარებს განუცხადა რომ ევროპამ უფრო ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს. ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვას ცდილობს.

„აუცილებელია, რომ მოსკოვზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტის თვალსაზრისით დამოკიდებულება შევამციროთ. ცვლილება ამ თვალსაზრისით მალე ვერ მოხვდება და არ მგონია, რომ რუსეთის ფედერაციასთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ, მაგრამ თუ გვსურს დიპლომატიურ სცენაზე მეტი ავტორიტეტი გვქონდეს მოსკოვზე ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი,” – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გუშინ კიევში საგანგებოდ ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში ყოფნისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან დამატებით სამხედრო ნაწილების თავმოყრას აპირებს.

“ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული არმიის მობილიზაციის საკითხი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებდა უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის მობილიზაციას. ვიცით, რომ კრემლი ემზადება კიდევ უფრო მეტი სამხედრო რესურსის მობილიზაციისთვის, ეს კი შესაძლებლობას მისცემს ვლადიმერ პუტინს მოკლე ვადებში დაესხას თავს უკრაინას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას.

ბრიტანეთმა კი უკრაინას უკვე გადასცა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალ სამხედრო აღჭურვილობას მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

მოსკოვი უარყოფს, რომ მეზობელ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას აპირებს. თუმცა დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდება და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჯარსა და იარაღს არ განათავსებს. 


უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend