მთავარისაქართველოსახალხო დამცველის შემაჯამებელი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მკურნალობის შესახებ

სახალხო დამცველის შემაჯამებელი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მკურნალობის შესახებ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული შემაჯამებელი დასკვნა საზოგადოებას გააცნო.

ომბუსდმენის განცხადებით, პაციენტი  მედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფება და არ მომხდარა მისი სრულყოფილი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური რეაბილიტაცია. ნინო ლომჯარიამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის არცერთი რეკომენდაცია სახელმწიფო უწყებებმა არ გაითვალისწინეს.

„არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გავეცით. თუმცა ჩვენ ვხედავთ, აღნიშნული სამედიცინო სერვისის და დახმარების მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, რადგან სამმა ვიზიტმა უკვე დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები არის შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობის და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის გარდა, დასკვნის სამედიცინო ნაწილი საზოგადოებას, კონსილიუმის წევრმა ექიმებმა გააცნეს. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები ასეთია – გამოხატული აქვს საერთო ფიზიკური სისუსტე, აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. ექიმების განცხადებით, მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში ფსიქოლოგების ჩართულობა აუცილებელია.

„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება – არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია, რომელიც მანამდეც იყო. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ არის და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს“, – აცხადებს კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ დასკვნის მომზადებისას მიხეილ სააკაშვილთან 5 ექიმის მონაწილეობით 3 ვიზიტი განხორციელდა.

კონსილიუმის განხილვებში 8 ექსპერტი იღებდა მონაწილეობას და დასკვნასაც 8 სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს. ცნობილია, რომ კონსილიუმი მუშაობას აგრძელებს, თუმცა სანამ უკვე გამოცემული რეკომენდაციები არ შესრულდება, მანამ საჯარო განხილვები ამ საკითხზე შეჩერდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend