მთავარი საქართველო რა პრობლემებთან გამკლავება უწევთ სოციალურ აგენტებს

რა პრობლემებთან გამკლავება უწევთ სოციალურ აგენტებს

400-მდე სოციალური აგენტი კვლავ გაფიცულია, ისინი ორი დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ და ხელფასების 100%-იან გაზრდას, ასევე სამედიცინო დაზღვევას, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და ერთთვიანი კონტრაქტების პრაქტიკის გაუქმებას ითხოვენ.

43 წლის თეა ნარიმანიშვილი უკვე 16 წელია სოციალური აგენტია. მისი მოვალეობაა შეისწავლოს ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობა. ამისთვის კი საგარეჯოდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ჩამოვიდეს და მგზავრობის საფასური თავად გადაიხადოს. თეას ხელფასი 200 ლარია.

„მე საგარეჯოს რაიონ სოფელ პატარძეულიდან დავდივარ, სამარშუტო ტაქსი გრაფიკით დადის, ახლა უკვე ამ სამარშუტო ტაქსითაც ვეღარ ვსარგებლობ და გაჩერებამდე ნახევარი საათი ფეხით მივდივარ და იქედან სხვა „მარშუტკას” მოვყვები ხოლმე თბილისში, გზაში 2 საათი მინიმუმ მეხარჯება, რომ ჩამოვიდე და უკან დავბრუნდე, სერიოზული პრობლემაა, როცა სახლში სამი შვილი მელოდება და დროულად მინდა მისვლა, მათ რომ მივხედო. ძალიან რთულია გამოვიდე სახლიდან დავხარჯო ამდენი დრო და სახლში არაფერი მივიტანო, ეს შრომა ამ ანაზღაურებაზე აღარ არის გამართლებული და არც შემოთავაზებულზე, ვის ვთხოვო გზის ფული ბენეფიციარს?“ , — ამბობს სოციალური აგენტი თეა ნარიმანიშვილი

გარდა იმისა, რომ თეას და მის კოლეგებს ხელფასი საარსებოდ არ ჰყოფნით, მათ არც სამედიცინო დაზღვევა აქვთ, არც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და შრომით ხელშეკრულებას  უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ  ერთი თვით უფორმებენ – სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ითხოვენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.

18 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც სოციალური აგენტებისთვის ხელფასების 60 პროცენტამდე გაზრდაზეა საუბარი. უწყებაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. თუმცა ამ განცხადებაში არაფერი წერია სხვა პრობლემების მოგვარების გზებზე.

„დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტისა კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ“, — აცხადებს “სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე

ეს დაპირება არ აღმოჩნდა საკმარისი პროტესტის შესაწყვეტად.  პროფესიულ კავშირში „სოლიდარობის ქსელი“ კი მიაჩნიათ, რომ სოციალურმა აგენტებმა სამინისტროსგან იმაზე უარესი შეთავაზება მიიღეს, ვიდრე ეს ბოლო მოლაპარაკებებისას, 2021 წლის ნოემბერში იყო.

„მათ ყოველდღიურ პრობლემებს შორისაა დაბალი ხელფასი, რომელი 13 წლის განმავლობაში არ იმატებს, მეორე პრობლემა ისაა რომ პანდემიის პირობებში უწევთ სახლებში სიარული და ბენეფიციარების შემოწმება, როცა მთელი შენი სამსახური ისაა, რომ უნდა მიაგნო სახლებს ან თუნდაც ის რომ ამდენი ადამიანის საქმეს ოფისში გადახედო და წლების მანძილზე ხელფასი ერთი და იგივეა, დაზღვევაც არ აქვთ და ზოგიერთი მათგანი ოპერაციასაც ვერ იკეთებს, ესეთი ბაზისური რაღაცები უნდა შეიცვალოს, მათ კი ნოემბერში რაც შემოგვთავაზეს იმაზე უარესი ვარიანტის დადგენილება გამოსცეს და ფორმალური სახეც მისცეს“, — ამბობს “სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, ხელფასების ზრდა 2022 წლის 20 იანვრიდან დაიწყება. სოციალური აგენტები კი ამბობენ, რომ უკეთესი შრომითი პირობებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend