ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ყოფილმა თანაშემწემ დომინიკ კამინგსმა პრემიერ-მინისტრი ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა პარლამენტში განაცხადა, რომ თითქოს არ იცოდა მისი თანამშრომლები კარანტინის დროს რომ აწყობდნენ წვეულებას.
2020 წლის 20 მაისს დაუნინგ-სტრიტის ბაღში გამართული წვეულების გამო პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ წინასწარ არ იცოდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ სამუშაო შეკრებაზე მიდიოდა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის არავის უთქვამს, რა გეგმები ჰქონდათ, ისიც არ ვიცოდი, რომ ამით რეგულაციებს დავარღვევდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მხოლოდ სამუშაო შეკრება იყო”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
კამინგსმა, რომელსაც ასევე ადანაშაულებენ კოვიდშეზღუდვების დარღვევაში, პრემიერის წინააღმდეგ განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა. მას შემდეგ, რაც 2020 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადადგა, კამინგსი ყოფილი უფროსის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა.
„რომ მცოდნოდა, ისეთ წვეულებას არ მოვაწყობდით, რომელზეც რეგულაციებს არღვევენ ან იმას ეწინააღმდეგება, რასაც ჩვენ ხალხისგან მოვითხოვთ“, – ამბობს ბორის ჯონსონი.
პრემიერ-მინისტრმა კარანტინის წესების დარღვევის გამო ოფიციალურად ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა მომხდარმა ბორის ჯონსონს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ოპოზიცია კი მის გადადგომას მოითხოვს.