მთავარისაქართველოUSAID-სა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება გაფორმდა

USAID-სა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას, რომელიც ბაზარზე საქმიანობას მარტიდან დაიწყებს, USAID „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროექტის“ ფარგლებში სამი მიმართულებით გაუწევს მხარდაჭერას. ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. ქართული მხარის განცხადებით, ეს დახმარება ბირჟის სტაბილურობას და ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს.

“USAID მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს სამი მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური პლატფორმის შეძენა, რაც ოპერირების ხარისხიანად განხორციელებაში დახმარება. ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი მოთამაშეები, მარტიდან შეძლებენ ელექტროენერგია საათობრივად და დღიურად იყიდონ ან გაყიდონ. ასევე გააფორმონ გრძელვადიანი ხელშეკრულებები. ეს კი საბოლოო ჯამში, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. მოსახლეობა უფრო დაცული იქნება ფასების ცვლილებისგან, კომპანიებს შორის კი მეტი კონკურენცია გაჩნდება“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ.

USAID საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას ტექნიკურ პლატფორმას შეუძენს, სადაც ვაჭრობა განხორციელდება. დახმარება ასევე მოიცავს ტრენინგების ორგანიზებას, რომელსაც ბაზრის მონაწილეები და ბირჟის წარმომადგენლები გაივლიან. მესამე კომპონენტი კი სამართლებრივი აქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებაა.

„ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ვეხმარებით ქართულ ენერგეტიკულ ბირჟას, რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა, ოპერირება წარმატებით დაიწყოს ბაზარზე. ეს სიახლე  ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნის განსხვავებულ, კონკურენტუნარიან რეალობას. ერთის მხრივ, ბაზარი გაჯანსაღდება, გამჭვირვალე და ეფექტური გახდება. მეორეს მხრივ მოსახლეობა უფრო დაცული იქნება ელექტროენერგიაზე ფასების მოულოდნელი ცვლისგან. მოხარული ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ამ სიახლის დანერგვაში”, – თქვა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმა ამოქმედდება, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კომპანიებს შორის ელექტრონულად მოხდება. საათობრივი, დღიური და გრძელვადიანი შესყიდვის ეს ფორმა, შეხვედრის მონაწილეების თქმით, ბაზრის მოთამაშეებს შორის მეტ კონკურენციას, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგიის საფასურის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend