სამშობლოში დაბრუნებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო კიევის აეროპორტიდან პირდაპირ სასამართლო დარბაზში მივიდა. თუმცა იქამდე, უკრაინელ პოლიტიკოსსა და მეწარმეს აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა.
უკრაინის პროკურატურა პოროშენკოს 2014/15 წლებში, დიდი რაოდენობით ქვანახშირის გაყიდვის საშუალებით პრო – რუსი სეპარატისტების დახმარებას და სახელმწიფო ღალატს ედავება.
გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრეზიდენტის საბანკო ანგარიშები გაყინულია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პეტრო პოროშენკოს თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები – პოლიტიკურად მოტივირებულია.
“სწორედ ასე მელოდა მე უკრაინის ხელისუფლება. მათ ჩვენი ეშინიათ. ოპოზიციაზე ზეწოლის მიზნით ხელისუფლება სამართალდამცველებს უკანონო ბრძანებებს აძლევს. ეს ჩვენს სახელმწიფოს აზიანებს, ამავე დროს კი მოსკოვისგან თავდასხმის რისკი იზრდება“ – მიმართა მხარდამჭერებს პეტრო პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკო უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, ის უკრაინის პრეზიდენტი 2014 იდან 2019 წლამდე იყო. პოროშენკო იკავებდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტებსაც.
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პოროშენკო მეორე ტურში გადავიდა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.
საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პოროშენკო პოლიტიკური სცენიდან არ წასულა, ის სარგებლობს დიდი მხარდაჭერით უკრაინის მემარჯვენე წრეებში და ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში.
პეტრო პოროშენკო ამჟამად პარტია ევროპული სოლიდარობის სიით უმაღლესი რადას დეპუტატია.
პოროშენკომ უკრაინა გასულ თვეს დატოვა, მისი განცხადებით დასავლელ ლიდერებთან შეხვედრების გამართვის მიზნით, ქვეყნის პროკურატურა კი აცხადებდა რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სახელმწიფოს საზღვრები მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზნით დატოვა.
სამშობლოში დაბრუნებამდე გამართული პრესკონფერენციისას პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის უკრაინაში არა ვოლიდიმირ ზელენსკისთან, არამედ უკრაინისთვის ბრძოლისათვის აპირებდა დაბრუნებას. მისი თქმით, რუსული აგრესიის ფონზე უკრაინელებს ერთიანობა სჭირდებათ.