მთავარისაქართველოსაქართველოში მოსწავლეების 11% სწავლას დისტანციურად განაგრძობს

საქართველოში მოსწავლეების 11% სწავლას დისტანციურად განაგრძობს

საქართველოში ყველა მოსწავლე ვალდებულია, სკოლაში ყოფნის დროს პირბადე ატაროს. როგორ უნდა იმოქმედოს სკოლამ თუ კი მოსწავლეს ან მასწავლებელს ვირუსი დაუდასტურდება? თბილისის 220-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა სამხარაძე ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში მოქმედების სტრატეგია გააჩნიათ.

“მოსწავლისთვის ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლა უკავშირდება ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს და მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მოსწავლეები სწავლას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით განაგრძობენ. მასწავლებლის შემთხვევაში კი, ის გადადის იზოლაციაში და სხვა მასწავლებელი ანაცვლებს”.

როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, სკოლები უზრუნველყოფილი არიან წლის ბოლომდე სამყოფი სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადეებით. მათივე ინფორმაციით სკოლის პერსონალის 73 % აცრილია, აქედან 94% კი ორჯერადადაა ვაქცინირებული.

“მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ყველაფერია გაკეთებული, ყველა ატრიბუტიკაა სკოლებში, რომ კოვიდრეგულაციები მაქსიმალურად იყოს დაცული. ჩვენ სკოლები აღვჭურეთ არამარტო ატრიბუტიკით, არამედ ცოდნით, თუ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს სკოლა. ეს იცის სკოლის თითოეულმა პერსონალმა”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარიშვილმა.

მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა დისტანციური სწავლების ფორმა აირჩიონ, ხოლო რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს იმ მოსწავლეებზე ისაუბრა, რომლებსაც ონლაინ სწავლაზე დარჩენას ურჩევს.

“ონლაინ რეჟიმი აირჩიონ იმ ოჯახებმა, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები, აუცრელი და რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი. ასეთ ოჯახებს ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. მეორეს მხრივ, შეიძლება ბავშვი იყოს აცრილი, ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახში იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, ასეთ ოჯახებსაც, მე, როგორც ექიმი, ვურჩევდი ონლაინ სწავლებაზე გადასვლას”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორ გაკონტროლდება რამდენად იცავენ სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს? განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში მონიტორინგს სისტემატურად განახორციელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend