გადაცემა „რეალური ეკონომიკის“ ამ ეპიზოდში ჩვენ დავსვით კითხვა: ორი ათწლეულის შემდეგ ისმება კითხვა – მაინც რას ნიშნავს ერთიანი ვალუტა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკისთვის?
2002 წლის პირველ იანვარს ევროს მონეტები და ბანკნოტები პირველად შემოიღეს 12 ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად. მანამდე სამი წლის განმავლობაში ევრო მხოლოდ ელექტრონული ფორმით არსებობდა.
ამ თარიღიდან 20 წლის თავზე კი ევროს 19 ქვეყანაში 340 მილიონზე მეტი ევროპელი იყენებს.
ევრო ცხოვრების გამარტივების მიზნით შემოიღეს, რათა ევროზონაში ბიზნესის წარმოების, მოგზაურობისა და უცხოეთში ცხოვრების დროს ერთი ვალუტა გამოეყენებინათ. ევროს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფუნქცია ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის სავალუტო შოკებისაგან დაცვა, სხვა ვალუტებზე დამოკიდებულებსი შემცირება და ევროკავშირის ბიზნესის ხარჯის შემცირება იყო.
დღეს ევრო რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა ამერიკული დოლარის შემდეგ და, ევროკავშირის გარდა, მას კიდევ 60 ქვეყანასა და ტერიტორიაზე იყენებენ ან საკუთარ ვალუტას ევროზე აბამენ.
მომავალ რამდენიმე წელიწადში ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი აპირებენ ევროს მიღებას.
სამომავლოდ კი ციფრული ევროს პერსპექტივას განიხილავენ.
20 წლის წინ 12-მა ევროპულმა ქვეყანამ ერთიანი ვალუტის შემოღება იზეიმა. ერთ-ერთი იყო ირლანდია, სადაც ირლანდიური გირვანქა ევროზე გადაცვალეს.
მას შემდეგ ქვეყანამ ევროპაში ყველაზე კარგი ზრდის ტემპი აჩვენა.
ოანა პეია, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეკონომისტი, თვლის, რომ ირლანდია წარმატებაში ევროს დიდი წვლილი მიუძღვის.
ოანა პეია, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეკონომისტი:
„ევროს შემოღებამ ირლანდიას ერთიან საბაზრო სივრცეში განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, უამრავი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რომელზეც ახლა დასაქმების 20 პროცენტი მოდის, ასევე გაიზარდა ევროკავშირთან შიდა ვაჭრობა, რომელიც ირლანდიის ექსპორტში 40 პროცენტს შეადგენს“.
თუმცა ოანა თვლის, რომ ირლანდიის მაგალითი სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელიც უნდა იყოს. იაფი კრედიტებისა და სუსტად რეგულირებული ბაზრის გამო ქვეყანა 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე მივიდა.
„ამ კრიზისიდან გამოსვლა ძალიან მტკივნეული იყო. მას შემდეგ ირლანდიის ეკონომიკა შთამბეჭდავი ტემპით აღდგა და 2021 წლიდან მოყოლებული პანდემიის დაწყებამდე წელიწადში საშუალოდ 5 პროცენტით იზრდებოდა“,- ამბობს ოანა პეია.
ირლანდიის ეკონომიკაში ტექნოლოგიური სექტორები განვითარდა, მათ შორის ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქტების წარმოება. ამ სექტორების წილი ირლანდიის ექსპორტის 38 პროცენტს შეადგენს.
ქალაქ გოლუეის რომელიც 20 წლის წინ დაფუძნებული კომპანია Aerogen-ი ახლა აეროზოლების მიწოდების ბაზრის ლიდერია. კომპანიის ხელმძღვანელი ჯონ პაუერი ფიქრობს, რომ ევროს შემოღაბმ დადებითი შედეგი გამოიღო.
„ჩვენი ვალუტა, გირვანქა, ევროპის მასშტაბით ძალიან სუსტი იქნებოდა და ცხადია, სავალუტო კურსი და ბაზრის რყევები ირლანდიურ ბიზნესზე რთულად აისახებოდა,“ – ამბობს ჯონი. „ეს ყველა რისკი ევრომ მოხსნა.“
დღეისათვის ეს კომპანია 400 კაცს ასაქმებს, მისი პროდუქცია კი, რომელსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებები იყენებენ, 75 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
„ჩვენი შიდა ბაზარი საკმაოდ მცირეა“, – გვიხსნის პაუერი. „ამიტომ ევროპული ბაზარი ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის, ასევე ამერიკის ბაზარი. ხუთი წლის წინ ჩვენი ნავაჭრის 30 პროცენტი ევროში იყო, ხოლო 70 პროცენტი -დოლარში. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ეს პროპორცია 50-50-ზე გათანაბრდა.“
საერთაშორისო ბაზარზე გასვლის წყალობით, Areogen-ი ბრექსიტმა ნაკლებად დააზარალა, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე დამოკიდებული სექტორები, მაგალითად, სოფლის მეურნეობა. თუმცა ოანას პეიას სჯერა, რომ ირლანდიური ბიზნესი ახალ რეალობასაც მოერგება.
ოანა პეია, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის ეკონომისტი:
„მართალია, ბრექსიტმა ირლანდიის ეკონომიკაში დიდი არეულობა შეიტანა, მაგრამ მისი დამსახურებით ბევრი შესაძლებლობაც გაჩნდა. ამიტომ მგონია, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის გაზრდის დიდი პერსპექტივა გვაქვს.“
„ევრობარომეტრის“ მიხედვით, ირლანდია ევროპაში მეორე ყველაზე სანდო ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ ირლანდიას ისევ სჯერა ევროკავშირისა და მისი ერთიანი ვალუტისა.
გამოცდა გამძლეობაზე
ევროჯგუფის პრეზიდენტს და ირლანდიის ფინანსთა მინისტრ პასკალ დონოჰოს მტკიცედ სჯერა, რომ ევრომ ორ გამოცდას გაუძლო: პირევლად ფინანსური კრიზისის დროს და მეორედ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის შედეგების აღმოფხვრის დროს. ევროჯგუგი ის ფორუმია, რომლიs ფარგლებშიც ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები იკრიბებიან.
„ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, როდესაც ამ გამოწვევებთან გამკლავებას ვცდილობდით”, – ამბობსპასკალ დონოჰო, ევროჯგუფის პრეზიდენტი. „მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც იყო გამოცდა, რომელიც ევრომ ჩააბარა და თუ ახლა გადახედავთ, რამდენად სწრაფად აღდგა ევროზონის ეკონომიკა კოვიდ-19-ის კრიზისის შემდეგ, ვნახავთ, რომ ეს ოთხჯერ უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
მისი აზრით, ერთიანმა ვალუტამ ცხოვრება გაუმარტივა როგორც მომხმარებელს, ისე მთავრობას.
„ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ეს ყოველდღიურ დეტალებში იგრძნობა“, – განმარტავს დონოჰო.“ იმ უხერხულობასა და ზოგჯერ პრობლემაზეც კი, რომელსაც ფულის გადახურდავების დროს აწყდებოდი, ახლა შეგიძლია, არც იფიქრო. თუმცა ევროს შემოღებამდე ევროკავშირში გაცვლითი კურსის დიდი რყევა დიდხანს უქმნიდა პრობლემას მთავრობასა და ბიზნესს.“
შემდეგი ეტაპი ციფრული ევრო უნდა იყოს.
„ახლა ევროპის ცენტრალური ბანკი მის დიზაინზე მუშაობს“, – ამბობს დონოჰო. „ჩემი წინათგრძნობა მკარნახობს, რომ ოც წელიწადში მე და თქვენ თუ ისევ ასე დავსხდებით, დიდი ალბათობით, უკვე ციფრულ ევროზე ვისაუბრებთ.“
მისი აზრით, ახლა ის უნდა იყოს საზრუნავი, რომ ევროს ეკონომიკური სარგებელი სოციალურ ფაქტორებზეც აისახოს.
„ის, რაც მთელი ევროზონის პრობლემაა და ამიტომ ის ევროსთვის მნიშვნელოვანია, არის ის, თუ როგორი იქნება ეკონომიკის აღდგენის პროცესი. მაგალითად, რამდენად ისარგებლებს ახალგაზრდობა, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მეტი ქალი დასაქმდეს. და როგორ შევქმნათ უფრო ინკლუზიური და სამართლიანი ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესში.“
ევროჯგიფის პრეზიდენტი ევროს პერსპექტივაზე თავის ხედვასაც ამხელს:
„ მე მსურს, რომ ევრო გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს ისეთი ევროპის სიმბოლო, რომელიც მნიშვნელოვანია, გამძლეა და უფრო უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო და რომელიც ყოველთვის უკეთეს მომავალზე ზრუნავს.“
ავტორი: ფანი გორე/ნაომი ლოიდი