მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საფრანგეთში ხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საფრანგეთში ხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საფრანგეთის ქალაქ ბრესტში ხვდებიან ერთმანეთს. ისინი უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. მთავარი თემა  უკრაინაში შექმნილი ვითარებაა. როგორც ცნობილია, რუსეთს უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული. მათ იენ სტოლტენბერგიც შეუერთდა. ნატოს გენერალური მდივანი გუშინ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახლა, არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ისინი შესაბამისად იმოქმედებენ, თუ რუსეთი კვლავ ეცდება უკრაინის წინაააღმდეგ ძალის გამოყენებას. რუსეთისთვის ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება,  რადგან ნატოც, მისი მოკავშირეებიც, ევროკავშირიც და სხვებიც რუსეთს სერიოზულ სანქციებს დაუწესებენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ შეხვდნენ.  ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების სერია ცივი ომის შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტს დაემთხვა.

ბრიუსელში 2 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა პირისპირი შეხვედრა რუსეთისა და ნატოს წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებების შემდეგ ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. ნატოში აცხადებენ, რომ მზად არიან შეიარაღებაზე სასაუბროდ, თუმცა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვს არ მისცემენ ვეტოს დადების უფლებას.

დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს, რომ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, რადგან მას 100 000 ჯარისკაცი უკვე ჰყავს მობილიზებული საზღვართან. რუსეთში კი აცხადებენ, რომ იცავენ ტერიტორიულ უსაფრთხოებას და მოითხოვენ, შეჩერდეს ნატოს გაფართოება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend