შეტევისთვის მზადება – დიპლომატიური სამიტების ამჟამინდელი სერიების მიუხედავად, ახალი რუსული შეტევის საფრთხე რეალურია, სწორედ ამიტომ რიგითი უკრაინელები იძულებული გახდნენ, ტერიტორიული თავდაცვის არმიაში გაწევრიანებულიყვნენ. მათ რუსეთისგან ქვეყნის დაცვა სურთ.
ერთ-ერთი მოხალისე ვლას გონჩარუკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ, ომი უკვე 8 წელია მიმდინარეობს, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს იარაღის გამოყენება. ვლასს მიაჩნია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინის გამო არ იბრძოლებენ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნებიან მზად თავის დასაცავად. მოხალისეები აღნიშნავენ, რომ საფრთხე რეალურია.
ამ დროს კიევში თავშესაფრისთვის ძველი ბუნკერების განახლება მიმდინარეობს. დაახლოებით 5000 ბუნკერი ცივი ომის დროს აშენდა, რადგან დასავლეთიდან თავდასხმის საფრთხე არსებობდა. ახლა კი ამ ბუნკერებმა ადგილობრივები უნდა დაიცვას იმ საფრთხისგან, რომელიც რუსეთისგან მოდის.
ბუნკერის ინსპექტორი იგორ ოვერჩუკი აღნიშნავს, რომ ბუნკერების განახლება 2014 წლიდან დაიწყო ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე ომის შემდეგ. მათ ბუნკერებში მომარაგებული აქვთ ყველაფერი: ტუალეტის ქაღალდი, რესპირატორები, სანთლები, საპონი. როგორც ოვერჩუკი ამბობს, ამ ბუნკერში 68 ადამიანი ეტევა.
უკრაინელები საფრთხის მოლოდინში არიან, მოლაპარაკებები კი გრძელდება. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ემზადება განსაკუთრებული შეხვედრისთვის, რომელიც ბრიუსელში მოკავშირე ქვეყნების ელჩებსა და რუსული მხარის უმაღლესი რანგის წარმომადგენელებს შორის უნდა გაიმართოს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალაა მობილიზებული.