მთავარიევროპაშვეიცარიაჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება

ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება

დღეს, 10 იანვარს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდებიან ჟენევაში, სადაც უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილონ. მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნა იქნება, მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. თუმცა, ამერიკული მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.

რუსეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ერთმანეთს დღეს ჟენევაში  შეხვდებიან უსაფრთხოების საკითხის განსახილველად.  ორი მხარე მოლაპარაკების გამართვაზე უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე მოვლენების შემდეგ შეთანხმდა.  ამერიკამ პუტინს განუცხადა, რომ დიალოგსა და დაპირისპირებას შორის გაეკეთებინა არჩევანი. რუსეთს კი თავისი პირობა აქვს, მას არ სურს,  უკრაინა გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ  სწორედ ამერიკელები უნდა ცდილობდნენ კომპრომისის მოძიებას. რუსული მხარე ჟენევაში ჩამოვიდა მკაფიო პოზიციით, რომელიც, მისი აზრით, ყველასთვის გასაგებია და კარგად არის ფორმულირებული. სერგეი რიაბკოვი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე თავისი მიდგომების შეცვლას არ აპირებს.

ენტონი ბლინკენი კი რუსეთს მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს, თუკი იგი კვლავ ეცდება აგრესიული ქმედებების გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ.

მან ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უპირატესობას  დიპლომატიურ რეზოლუციას ანიჭებენ. მისი თქმით, თუკი რუსეთი განაახლებს აგრესიას, ისინი მზად იქნებიან, თავიანთ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადადგან მძიმე შედეგების მომტანი ნაბიჯები.

რუსეთს უკრაინის მახლობლად 100 000 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, მას მოკლე დროში ასევე დამატებით 100 000 კაცის მობილიზება შეუძლია. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, გამოთქვან ნატოში გაწევრიანების სურვილი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ჟენევასა და  ბრიუსელში,  სადაც მიმდინარე კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს წევრების შეხვედრა უნდა გაიმართოს, მნიშვნელოვან შედეგებს არ ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend