კონგრესის წევრებმა 1 წლის წინ კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილები მოიგონეს და შენობის გარეთ სანთლებით ხელში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მათ ხსოვნას.
ზოგიერთმა მათგანმა შემზარავი მოვლენებიც გაიხსენა.
კონგრესმენი პრამილა ჯაიაპალი იხსენებს, რომ სხვებთან ერთად იგიც გამომწყვდეული იყო კაპიტოლიუმის გალერეაში. მას კარგად ახსოვს ყოველი წამი, ახლაც ესმის ხმა, როგორ ურტყამდნენ გალერეის კარებს. იყო გასროლის ხმაც. იგი აწყობდა გეგმებს, როგორ გამოიყენებდა თავის აირსაწინააღმდეგო ნიღაბსა და ხელჯოხს, რომელიც იმ დროს მუხლის ოპერაციის გამო სჭირდებოდა. კონგრესმენმა არ იცოდა, შენობიდან ცოცხალი გააღწევდა თუ არა, იმასაც კი ფიქრობდა, გადარჩებოდა თუ არა დემოკრატია.
რესპუბლიკური პარტიის ბევრმა წევრმა გადაწყვიტა, ცერემონიაში მონაწილება არ მიეღო. მათ ურჩევნიათ, ისე გააგრძელონ მუშაობა, რომ თავი აარიდონ ამ საკითხზე საუბარს. ზოგიერთი მათგანი კი კონსპირაციულ თეორიებზეც საუბრობს. მათი აზრით, არეულობა „ბნელმა ძალებმა“ შექმნეს.
თეთრ სახლში კი აცხადებენ, რომ არეულობის მოთავე დონალდ ტრამპია.
თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენიფერ ფსაკი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ხელი შეუწყო აჯანყებას და ქვეყნის დედაქალაქის აღება სცადა.
როგორც ფსაკი აცხადებს, ბაიდენს ქვეყნის განვითარება სურს. გუშინ, 6 იანვარს, პრეზიდენტმა გააკრიტიკა ყველა, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდა, მოსახლეობას კი შეერთებული შტატების დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა.