მთავარიგადაცემებიოკეანემდგრადი თევზჭერა, რომელიც ყოველმხრივ მომგებიანია

მდგრადი თევზჭერა, რომელიც ყოველმხრივ მომგებიანია

გადაცემა „ოკეანე“ იკვლევს, თუ რამდენად წარმატებულია  ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები თევზჭერის შესახებ დასაქმებისა და ზღვის ეკოლოგიის დაცვის მიზნით დასავლეთ აფრიკაში.

პომბასი პატარა ქალაქია სანტუ-ანტანში, ატლანტის ოკეანეში კაბო-ვერდეს არქიპელაგის უკიდურესი დასავლეთით მდებარე კუნძულზე. ამ ქალაქში უამრავი მეთევზეა და მათი რიცხვი კიდევ იზრდება, რადგან სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს ამ ხელობას. თუმცა მათთვის პრობლემას წარმოადგენს ზღვაში გასასვლელად კატარღის შეძენა.

ადირსონისთვის ასეთი ნავის ყიდვა ძალიან ძვირი იყო. მაგრამ გაუმართლა, რადგან პომბასის მეთევზეებმა ახლახან ახალთახალი კატარღა მიიღეს, რომლის ფასიც კაბო-ვერდეს  მთავრობამ გადაიხადა. ეს კი ევროკავშირთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების დამსახურებაა.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, ახალგაზრდა კაცებს შეუძლიათ ზღვაში გამოცდილ მეთევზეებთან ერთად გასვლა, რათა ხელობაც ისწავლონ და თან ფული გამოიმუშაონ.

ადირსონ კარლოს და კრუზ დოს სანტოსი, მეთევზე:

“ამ ნავის წყალობით ზღვაში შორს  გასვლა და მეტი თევზის დაჭერა შეგვიძლია. ნადავლი მეთევზეებს შორის უპრობლემოდ ნაწილდება. ასე რომ, თუ ვინმეს ნავი სჭირდება და საკუთარი არ აქვს, შეუძლიათ, ეს ნავი გამოიყენონ.“

თუმცა ევროკავშირთან თანამშრომლობამ, ნავის გარდა, სხვა სიკეთეც მოიტანა. სოფელი მონტე ტრიგუ სანტუ-ანტანის მიყრუებულ ადგილას მდებარეობს. უახლოესი თევზის ბაზარი მისგან შორს, სხვა ქალაქშია, რომელიც ნავით ნახევარი საათის სავალზეა.

ეს კი ნამდვილი პრობლემაა მეთევზეებისთვის, რადგან აქაურ სიცხეში თევზი სწრაფად ფუჭდება. ამიტომ თევზის შენახვის ხელმისაწვდომი მეთოდი აუცილებელია. საუკუნეების განმავლობაში აქ გავრცელებული იყო თევზის მზეზე გამოშრობის მეთოდი, თუმცა  თევზის შესანახად მზეს ახლა სხვა მხრივაც იყენებენ.

მზის ელექტროსადგური ამარაგებს დენით იმ მაცივრებს, რომლებშიც თევზი სიცივეში ინახება. ეს ნიშნვას, რომ სოფლის მოსახლეობას აღარ უხდება დაჭერილი თევზით სასწრაფოდ ბაზარში გაქცევა.

მარია რასა, მონტე ტრიგუს მეთევზეთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ  “ამ დანადგარმა ადგილობრივი მეთევზეების ცხოვრება გააუმჯობესა.  ახლა როცა ცოტა თევზს დაიჭერენ, აღარ უხდებათ მაშინვე ბაზარში გაქცევა. მათ შეუძლიათ, დააგროვონ ნადავლი 2-3 დღის განმავლობაში და მერე ერთბაშად გაიტანონ ბაზარზე – შედეგად, მნიშვნელოვნად ზოგავენ ფულს, რადგან ნაკლები საწვავი სჭირდებათ ნავისთვის.“

ეს პროექტი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ ასობით პროექტს შორის, რომლებსაც ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება დაეხმარა. 750 ათასი ევროს სანაცვლოდ, კაბო-ვერდე ევროკავშირის თევზმჭერ გემებს თავის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში თევზაობის უფლებას აძლევს.

ამ თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადგილობრივი დასაქმდა. ესპანური თევზმჭერის მიერ დაჭერილ თევზს პორტ მინდელუში ადგილობრივი ქარხანა ამუშავებს. ქარხანა ევროპის წამყვან მიმწოდებლებს ეკუთვნის, მაგრამ აქ, ფაქტობრივად, სულ ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული, მათ შორის 70 პროცენტი ქალია.

ალეხანდრო პასო, ესპანური სურსათის საწარმო  Atunlo-ს აფრიკული ოპერაციების დირექტორი:

““კაბო-ვერდეში თინუსსა და ზღვის პროდუქტებს ვამუშავებთ,  რისი წყალობითაც 2000 ადამიანი პირდაპირ არის დასაქმებული. ჩვენ ამ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვართ, თევზი კი კაბო-ვერდეს ექსპორტის 90 პროცენტია.“

ქვეყნის ყოფილი ზღვის მინისტრი პაულო ვეიგაც Paulo Veiga თვლის, რომ იმ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის გემებს კაბო-ვერდეს აკვატორიაში თევზის ჭერის ნება აქვთ, დიდი სარგებელი მოაქვს.

პაულო ვეიგა, კაბო-ვერდეს ზღვის ყოფილი მინისტრი:

“ჩემი აზრით, ეს ყოველმხრივ მომგებიანი შეთანხმებაა. ევროკავშირისაგან მხოლოდ ფინანსურ დახმარებას კი არ ვიღებთ, არამედ ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებსაც. სანაცვლოდ, მათ ჩვენთან თევზის რესურსის კვლევის შესაძლებლობა აქვთ.“

ასეთი ტიპის ხელშეკრულება მხოლოდ კაბო-ვერდესთან არ დადებულა. „მდგრადი მეთევზეობის თანამშრომლობის ხელშეკრულებების“ სახელით ცნობილი ფორმატი მიზნად ჭარბი თევზჭერის შეზღუდვას ისახავს და თევზჭერის მეცნიერულად დაკანონებულ ზღვრებს ადგენს, რათა ზღვა დაიცვას.

კარლა გრიჟო, ევროკავშირის ელჩი კაბო-ვერდეში:

“ეს ხელშეკრულებები ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოკეანის ეფექტურ მართვასა და მდგრად მეთევზეობას  უწყობს ხელს, თითოეულმა პარტნიორმა ზუსტად იცის, რომელი სახეობისა  და რა რაოდენობის თევზის დაჭერის უფლება აქვს. ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია მეთევზეობის მონიტორინგის კომპონენტიც, რომელიც უკანონო თევზჭერას ზღუდავს.“

კოტ-დ’ივუარიში უკანონო თევზჭერა სერიოზული პრობლემაა. მაქსიმი  თევზჭერის ახლად შექმნილ მონიტორინგის ცენტრს ხელმძღვანელობს ქვეყნის დედაქალაქ აბიჯანში. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით, „მდგრადი მეთევზეობის თანამშრომლობის ხელშეკრულებების“ ფარგლებში შეიქმნა.

თანამგზავრული ტექნოლოგიის დახმარებით მაქსიმსა და მის გუნდს კოტ-დ’ივუარის აკვატორიაში თევზმჭერი გემების სადღეღამისო კონტროლი შეუძლიათ. ნებისმიერ საეჭვო მოქმედებას დაუყოვნებლივ ინსპექტორს ატყობინებენ.

მაქისმ დიომანდე, კოტ-დ’ივუარის თევზჭერის მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი:

„ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა, რათა თევზმჭერის მოძრაობა გავაკონტროლოთ, მისი სიჩქარე, კურსი და იმ ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები დავადგინოთ, სადაც თევზაობს.“

პროგრამის ადგილობრივი კოორდინატორი თვლის, რომ კოტ-დ’ივუარში უკანონო თევზჭერის აღკვეთაზე დახარჯულმა ენერგიამ შედეგიც გამოიღო. იგი ამბობს, რომ უკანონო თევზჭერა საგრძნობლად შემცირდა მას შემდგე, რაც დარღვევები ჯარიმით ისჯება.

ჟაკ ალუ აკა, „თევზის რესურსის მდგრადი მართვის მხარდამჭერი პროგრამის“ კოორდინატორი:

“კოტ-დ’ივუარი ნამდვილად იღებს სარგებელს ამ შეთანხმებიდან – თევზჭერის მონიტორინგის ცენტრი აკვატორიის მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ საზღვაო-სამხედრო ფლოტთან, რაც ჩვენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პატრულირების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, წარმატებით ვატარებთ მეკობრე თევზმჭერთა ქმედების აღმკვეთ ღონისძიებებს.“

აბიჯანის პორტში გადატვირთული თევზის უმეტესი წილი ევროპაში იგზავნება. როგორც ოფიციალური პირები ამტკიცებენ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რათა ევროპამ იზრუნოს იმ ადგილზე, საიდანაც თევზი მოდის. ისინი ამბობენ, რომ ევროპელ მომხმარებელს სულ უფრო მეტად აინტერესებს მისი სურსათის მიწოდების საკითხი და მწარმოებელი ქვეყნების სამუშაო პირობები.

ჯობსტ ფონ კირჩმანი, ევროკავშირის ელჩი  კოტ-დ’ივუარიში:

“დღეს ევროპელ მომხმარებელს სურს, იცოდეს იმ პროდუქტის წარმომავლობა, რომელსაც იღებს. სურს, იცოდეს, რომ არ ხდება იმ ხალხის ექსპლოატაცია,  რომელიც პროდუქტს ქმნის ან თევზს იჭერს, რომ ამ პროდუქტის წარმოებით გარემოს ზიანი არ ადგება. ევროკავშირს ყოველთვის ახსოვს ეს, როდესაც რამეს აკეთებს – რადგან ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ღირებულების შექმნის ჯაჭვის ყველა რგოლი ეკოლოგიური იყოს, რომ ის ერთდროულად მომხმარებლის მოთხოვნასაც აკამყოფლებს და პლანეტასაც იცავს.“

დღეის მდგომარეობით, ევროკავშირმა მდგრადი მეთევზეობის   13 ხელშეკრულება დადო ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. ეს ხელშეკრულებები ერთდროულად ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასაც უწყობს ხელს და ასობით ევროპულ თევზმჭერს გემს მდგრადი მეთევზეობის საშუალებას აძლევს.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend