მთავარისაქართველოსანამ ნოვრუზობა დადგება

სანამ ნოვრუზობა დადგება

ჯამბულ მამედოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია, თუმცა საქართველოში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ აქვს გატარებული. როგორც პროფესიით თარჯიმანი, განსაკუთრებით ამაყობს მის მიერ თარგმნილი წიგნით, რომელიც 100 დიდი ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს.

„საბოლოო ჯამში არა ასი, არამედ ას სამი ადამიანი გამოვიდა. ფაქტობრივად იმ წიგნში ას სამი ადამიანის შესახებაა მოთხრობილი, რომლებმაც მართლაც ისტორია შექმნეს. ქვეყნის და ერის ტვირთი თავიანთი მხრებით ზიდეს. თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში ვარ ნამყოფი, მაგრამ ვერსად ვერ ვძლებ. ეტყობა აქაური ყველაფერი რომ მშობლიურად მეჩვენება, სწორედ ამიტომ. ჩემი აზრით, საქართველოზე კარგი ქვეყანა არსად არის. მე ვერ ვძლებ ვერსად.„

ჯამბულისგან განსხვავებით, მისი მეუღლე, ელმირა სარიევა, საქართველოში არ დაბადებულა, თუმცა ბავშვობის რამდენიმე წელი აქ გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად საუბარი უჭირს, ცდილობს გაიხსენოს ის, რაც ბავშვობაში აითვისა. მისთვის საქართველო ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ასოცირდება.

„19 წლის ვიყავი, როცა საქართველოში საცხოვრებლად გადმოვედი. ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს. საქართველოში ცხოვრებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან სწორედ აქ ცხოვრობენ ჩემი საყვარელი ადამიანები. ეს ქვეყანა ჩემმა მეუღლემ შემაყვარა და მას შემდეგ ასე ბედნიერად ვცხოვრობთ.“

შუქურ ალიევი ჯამბულისა და მისი ოჯახის მეგობარია. თავს ამ ოჯახის ნათესავადაც კი მიიჩნევს. შუქური დამწყები ჟურნალისტია და  მისივე თქმით, ცდილობს საკუთარი საქმიანობით საქართველო და აზერბაიჯანი დააახლოვოს.

„ხშირად მიწევს ისეთი ამბების გადაღება, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სომხებს უკავშირდება. მე მაქვს შესაძლებლობა,   ამ პროექტებით ვაჩვენო ამ ხალხის ტრადიციები და კულტურა… დამდეგი წლისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ ნათელ მომავალს, დემოკრატიულ ქვეყანას და გაჭირვების გარეშე ცხოვრებას.“

საახალწლო სუფრის გარშემო ჯამბულ მამედოვის შვილიშვილებიც ტრიალებდნენ. მათაც უხარიათ ახალი წლის მოსვლა და საახალწლო სურვილებს ქართულად გვიზიარებენ.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend