მთავარიმსოფლიო2022 წლის კალენდარი

2022 წლის კალენდარი

უკან დაგვრჩა  საყოველთაო კარანტინებითა და კრიზისებით, შიშითა და პროტესტით სავსე წელი. წინ განვითარების გზაზე მდგარი ევროპა გველოდება, რომელიც მსოფლიო სცენაზე პოზიციის განმტკიცებისკენ ისწრაფვის, თუმცა მას ნაციონალიზმისა და შიდა კონფლიქტების გადაჭრაც მოუწევს. მოდით, 2022 წელს „ევრონიუსის“ თვალით შევხედოთ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ კოვიდ-19 არც 2022 წელს გაქრება –  არც ევროპაში და, მით უმეტეს, არც ღარიბ ქვეყნებში, რომლებშიც ორმოც კაცში ერთზე ნაკლებია აცრილი.

თუმცა კოვიდის ახალი შტამები ნაკლებად აგრესიულია, ვაქცინები უმჯობესდება და ახალი ვირუსის საწინააღმდეგო აბებიც, სავარაუდოდ, მალე იქნება. ევროპული ქვეყნების ხელისუფალნი უკვე უკვეთავენ აბებს.

ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოუწევს ფიქრი, გარდა ამისა, საფრანგეთმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა უნდა ჩაიბაროს. ამ კუთხით მთავარი გამოწვევებია სტაბილურობის პაქტი, შენგენის ზონის რეფორმა, მიგრაცია და კანონის უზენაესობა.

ჩეხი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ჩამოსცილდა ძალაუფლებას, ამიტომ ივლისში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას საფრანგეთისგან ბაბიშის მემკვიდრე გადაიბარებს.

ცენტრალური ევროპის ქვეყნების ვიშეგრადულ ჯგუფში შესაძლოა ბალანსი შეიცვალოს, რადგან ახლა პრაღაში მტკიცე პროევროპული მთავრობა ზის.

მიგრანტები გაურბიან ომს, სიღარიბესა და სტიქიას. თუ როგორ მიიღებს მათ ევროკავშირი –  ამ საკითხზე აზრი ისევ გაყოფილია ევრობლოკში: აღმოსავლეთ და დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ქვეყნებს შორის.

ბელარუსის საზღვარზე ისევ საგანგაშო მდგომარეობაა, თურქეთთან დადებული ხუთწლიანი ხელშეკრულება კი, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში  მიგრანტების კონტროლს ემსახურება, უნდა გადაიხედოს.

პორტუგალია ახალ პარლამენტს აირჩევს. არჩევნები იმიტომ დაინიშნა, რომ ანტონიო კოსტას სოციალისტების უმცირესობის მიერ მართულმა  მთავრობამ, თანამედროვე  ეპოქაში პირველად ჩააგდო ბიუჯეტი. ვარაუდობენ, რომ უკიდურესი მემარჯვენე პარტია „ჩეგა“ გაიმარჯვებს.

აპრილში დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოწინავე კანდიდატი ისევ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იქნება, თუმცა მას რამდენიმე სერიოზული მეტოქე ეყოლება, მათ შორის მარინ ლე პენი და ერიკ ზემური.

უნგრელებმა უნდა გადწყვიტონ, სურთ თუ არა მანდატი განუახლონ ვიქტორ ორბანის Fidesz-ს პარტიას. ორბანს ძალიან მწვავე კონკურენცია ელის, რადგან სრული პოლიტიკური სპექტრის ექვსი ოპოზიციური პარტია  ერთი დროშის ქვეშ ერთიანდება.

ეკონომიკის მთავარი გამოწვევა პანდემიის შედეგები და ის დიდი ხარჯები იქნება, რომლებსაც ხელისუფლება ევროპაში პანდემიის გავლენის შესარბილებლად გაიღებს. ვირუსის ბოლო შტამები, დიდი ალბათობით, ეკონომიკის აღდგენას გააჭიანურებს, მაგრამ შესაძლებელია, დიდ სამომხმარებლო მოთხოვნას ზამბარის ეფექტი ჰქონდეს.

იანვრის ბოლოს პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თებერვალში პეკინში ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება და პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელმაც უმასპინძლა როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას. სერბეთში აპრილში ახალ პრეზიდენტსა და ეროვნულ ასამბლეას აირჩევენ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტური კი აპრილის შუა რიცხვებში ჩატარდება.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2 აპრილს დაინიშნება, მაისი ბოლო ვადაა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი  როტერდამში „მანესკინის“ გამარჯვების დამსახურებით, იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება.

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ივნისშია დაგეგმილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანელი მონარქი პლატინის იუბილეს აღნიშნავს.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ზამთრის ნაცვლად ზაფხულში ჩატარდება და მისი დევიზი იქნება  „ ნდობის ერთად აღდგენა.“

დიდი ოცეულის სამიტი ოქტომბერში შემდეგი ლოზუნგით ჩატარდება: „აღვდგეთ ერთად, ვიყოთ უფრო ძლიერი.“

გლობალური დათბობის პრობლემის გადასაჭრელად  ნოემბერში დაგეგმილი „კოპ 27“-ის კლიმატური ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მთავარი მიზანი ისევ საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანება იქნება. კონფერენცია ეგვიპტეში შარმ-ელ-შეიხში ჩატარდება.

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ნოემბრის შუალედულ არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებენ კონტროლს. თუმცა შუალედური არჩევნები იშვიათად სრულდება მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ.

ფიფას მსოფლიო თასის ჩემპიონატი ნოემბერსა და დეკემბერში კატარში ჩატარდება, რაც ფიფას პირველი  ჩემპიონატი იქნება არაბულ სამყაროში.

დეკემბერში კი ევროპის ფილმის დაჯილდოება რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.

ავტორი: მანუელა სკარპელინი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend