„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა კანონპროექტმა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას და მის ორ სხვადასხვა უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ოპონენტების და დიპლომატების კრიტიკა დაიმსახურა.
28 დეკემბერს კი ბიუროს სხდომა, რომელზეც საპარლამენტო ოპოზიციას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორი ალტერნატიული კანონპროექტი უნდა წარედგინა, მმართველი გუნდის დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო ჩავარდა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს პარტიამ შეგნებულად გააკეთა.
“ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირდით იმით, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სიმართლის მოსმენის და ალტერნატიული კანონპროექტების განხილვის ეშინია.
„მმართველ გუნდს იმისიც კი ეშინია, რომ მათ აბსოლუტურად უაზრო კანონპროექტის პარალელურად განსახილველად არ დადგეს აზრიანი, გონივრული და სამართლიანი პროექტი, ამისაც კი ეშინიათ. ამიტომ დღეს გადაწყვიტეს, რომ ბიუროზე არ მოესვლებოდათ და ვერ მოვიდნენ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მათ ეშინიათ, ყველგან ეშინიათ განსხვავებული აზრის და ყველგან ეშინიათ სიმართლის ხმის გაგონების. „ქართული ოცნება“ ძალიან ხშირად ცდილობს თავისი, ჯერ კიდევ მომხრეები დაარწმუნოს იმაში, რომ ოპოზიცია არ მუშაობს, ოპოზიცია უსაქმურია, ოპოზიციას იდეები არ აქვს, მაგრამ როგორც კი ჩვენ კონკრეტულ კანონპროექტს ვდებთ მაგიდაზე, გარბიან ბრძოლის ველიდან“, – აცხადებს დეპუტატი პარტია „ლელო“-დან ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტში ბიუროს სხდომა ვერა, მაგრამ სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხზე იმსჯელეს. სხდომას თავად ამ უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია დაესწრო, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ – „ყველაფერს გააკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად“.
„ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა. ეს არის სამსახურზე შურისძიება. ძალიან დიდ იმედი მაქვს, კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, წინასაახალწლოდ ასეთი არაკანონიერი მეთოდით არ მოხდება სამსახურის გაუქმება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ამავე საკითხზე შეშფოთების გამოსახატად პარლამენტში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მივიდა. ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლისა და მისი დაჩქარებული წესით რეფორმის მიმართ და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას მინიმუმ პროცესის გადადებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ გადადონ პროცესი“, – თქვა ელჩმა.
სამოქალაქო სექტორი და მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად დროული იქნება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენოს. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ვეტოს დადება მათ ინიციატივას ვერ შეაჩერებს და მას დაძლევენ.
ალეკო გვეტაძე