მთავარისაქართველო2021 წლის ბოლო სხდომა

2021 წლის ბოლო სხდომა

2022 წლის იანვარში 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ვაქცინაციის შეუსრულებელი გეგმა, ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 63 შემთხვევა და პანდემიასთან დაკავშირებით მიღებული წლის ბოლო გადაწყვეტილება. ასეთი იყო 2021 წლის საკოორდინაციო საბჭოს ბოლო  სხდომა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს მომეცემა შესაძლებლობა, ამ ტრიბუნიდან გითხრათ, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეწყვიტა ფუნქციონირება, იმის გამო, რომ პანდემია დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.

თუმცა სანამ ეს დრო დადგება, უკვე ცნობილია, რომ 2022 წელს ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გაგრძელდება. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრის თვეში 50 წელს გადაცილებული აუცრელი მოქალაქეები ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს. ვაქცინაციის ეს ე.წ. მონეტარული წახალისების კამპანია 2021 წლის 8 ნოემბრიდან მოქმედებს. ახალი გადაწყვეტილებით კი ასაკობრივი ზღვარი 60 წლიდან 50 წლამდე შემცირდება.

„წახალისებამ გარკვეული როლი ითამაშა, განსაკუთრებით 60 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში. წახალისების შედეგად 60 წელს გადაცილებული 114 ათასი პირი აიცრა. შედეგად ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 50%-ზე მეტი. ასევე, მიმართვიანობა კარგია მეორე დოზის მიღებასთან დაკავშირებითაც. შეიძლება ითქვას, რომ მონეტარულმა წახალისებამ იმუშავა “, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში ომიკრონის 63 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევათა 1%-ზე მეტს სწორედ ომიკრონის შტამი წარმოადგენს. თუმცა ჯერჯერობით ქვეყანაში ამ შტამის ე.წ. შიდაგადადება დაწყებული არ არის და ომიკრონით მხოლოდ ისინი არიან ინფიცირებული, ვინც ან ვისი ახლობელიც ბოლო პერიოდში უცხოეთში იმყოფებოდა. კოვიდ-19-ის ახალი შტამით „ომიკრონით“ ინფიცირებულთა უმეტესობა ვაქცინირებულია. 63 ინფიცირებულს შორის 6 რეინფიცირების შემთხვევაა. 5 კი 18 წლამდე ასაკის მოზარდია. ყველა მათგანის შემთხვევაში ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ომიკრონით ინფიცირებული 3 პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი.

„ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა შემთხვევების კლებასთან ერთად მცირდება. 4 951 პაციენტია დღეს დილის მდგომარეობით. მათ შორის  რეანიმაციულ განყოფილებაშია 297. ხოლო კოვიდკლინიკებში თავისუფალია 3701 საწოლი. იანვარში „ომიკრონის“ ტალღის გამო კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა თუ მოიმატებს, ჯანდაცვის სფერო მზად დახვდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საკოორდინაციო საბჭოს დღეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 2022 წელს კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას თავიდან განიხილავენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend