მთავარიმსოფლიო2021 წელი: კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში

2021 წელი: კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში

უკვე შვიდი წელია, რაც იემენში სამოქალაქო ომია. წელს საომარი მოქმედებები ძირითადად მარიბსა და თაიზში მიმდინარეობდა. ჰუსიტი მეამბოხეები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, დაუპირისპირდნენ იემენის ხელისუფლებას, რომელსაც საუდის არაბეთი ეხმარება. დაუსრულებელმა კონფლიქტმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ომს ას ოცდაათი ათასი ადამიანი შეეწირა, ხოლო იემენის რამდენიმე მილიონი მოქალაქე საკვებისა და წამლების გარეშე დარჩა.

სირიის მთავრობა, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს, აქტიურად ბომბავდა ქალაქ იდლიბს. იდლიბი ერთ-ერთი უკანასკნელი დასახლებაა, რომელსაც მეამბოხეები იკავებენ. აფეთქებები, რომლებზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია, იყო ჩრდილოეთ სირიის სხვა ქალაქებშიც. სირიის კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო და დღემდე ოთხასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ხუთ მილიონზე მეტ სირიელს ქვეყნის დატოვება მოუწია.

ისრაელი და პალესტინა კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ღაზის სექტორში. ამჯერად დაპირისპირება იერუსალიმში პალესტინელებსა და ახალმოსახლე ებრაელებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაიწყო. დაპირისპირებას 256 პალესტინელი და ისრაელის 15 მოქალაქე შეეწირა.

ომი ავღანეთში დრამატულად დამთავრდა. ჩამოიშალა მთავრობა, დასავლეთის ჯარებმა კი რეგიონი დატოვეს. ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად ქვეყნის მართვა „თალიბანის“ დაჯგუფებამ ჩაიბარა. თუმცა, მას ახლა ისლამური სახელმწიფოს სახით ახალი მტერი გამოუჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend