უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა, განსაზღვროს კონკრეტული ვადა, თუ როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი.
21 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ახლო მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირს მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, უკრაინა მზადაა, დაუბრუნდეს დონბასის სამშვიდობო პროცესს.
„ჩვენ გვსურს, სწრაფად განახლდეს დონბასის სამშვიდობო პროცესი, რომ დავბრუნდეთ ყირიმში. ჩვენი მიზანია, მომავალ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ და გვსურს, რომ ნატოსგან მივიღოთ ძალიან მკაფიო და კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როდის გავწევრიანდებით ალიანსში. გვინდა, რომ ეს 2022 წელს მოხდეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
წლის შემაჯამებელ გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დიპლომატიური პროცესის სწორად წარმართვა.
„არ ვიცი, ამ პროცესის შემდეგ შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს პრეზიდენტები პუტინი და ბაიდენი. ჯერჯერობით ასეთი გეგმა არ არსებობს. პირველ რიგში, უნდა ვნახოთ, რა შედეგები ექნება დიპლომატიურ დიალოგს, შეეცდება თუ არა რუსეთი სიტუაციის დეესკალაციას და რამდენად გაიყვანს უკრაინის საზღვრიდან ჯარს. ასეთ ვითარებაში უფრო იქნება შესაძლებელი მოლაპარაკებების გაგრძელება“, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნების აგრესიული პოლიტიკის შემთხვევაში საპასუხო ქმედებებზე ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების დოკუმენტი წარადგინა.
რუსეთი მოითხოვს, რომ ნატომ უკრაინასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ალიასნში გაწევრიანებაზე უარი უთხრას.
„ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ პირობებს. რუსეთი მხარს უჭერს თანასწორ უსაფრთხოებას ევრაზიის რეგიონში. და თუკი ჩვენი კოლეგები დასავლეთიდან გააგრძელებენ აგრესიული პოლიტიკის გატარებას, ჩვენ შესაბამის სამხედრო და ტექნიკურ ზომებს მივიღებთ. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ მათ არამეგობრულ ქმედებებს და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ რუსეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რეგიონში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც გასულ კვირებში მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი სამხედროს მობილიზება მოახდინა.