მთავარიმსოფლიოევროპაომიკრონი და შეზღუდვები ევროპაში

ომიკრონი და შეზღუდვები ევროპაში

ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორის ემერ კუკის განცხადებით, ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან საყურადღებოა და ჯერ კიდევ მაღალია დელტა შტამის გადაცემის მაჩვენებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში ომიკრონი უკვე დომინანტი ვარიანტია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შობის დღესასწაულამდე ახალი შეზღუდვები არ დაწესდება,  თუმცა თუ ინგლისში ომიკრონის ვარიანტის გავრცელება გაგრძელდება, რეგულაციები დღესასწაულის შემდეგ ამოქმედდება.

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ომიკრონი, სხვა ვარიანტებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება, ქვეყანაში რთული ვითარებაა. მოქალაქეებს აინტერესებთ, რამდენად იქონიებს ეს გავლენას მათ საშობაო გეგმებზე. ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები ჯერ არ დაწესდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ  ეს გადაწყვეტილება შობის დღესასწაულის შემდეგ მიიღონ. ამ დროის განმავლობაში ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ვითარებას და არსებულ მონაცემებს.

გერმანიაშიც მორიგი შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ. ომიკრონის ვარიანტის შესაჩერებლად რეგულაციები შობის დღესასწაულის შემდეგ ამოქმედდება. საყოველთაო კარანტინი არ დაწესდება, თუმცა შეიზღუდება თავშეყრის ადგილას ადამიანთა რაოდენობა. ამ წესების დაცვა აცრილ პირებსაც მოეთხოვებათ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღარავის სურს კორონავირუსის,  მუტაციისა და ახალი ვარიანტების ხსენება, მათ არ აქვთ უფლება, თვალი დახუჭონ მაშინ, როცა ქვეყანას ახალი ტალღა ემუქრება.

ახალ წესების მიხედვით, თავშეყრის ადგილებზე 10 პირზე მეტის შეკრება აიკრძალება. მთელ ქვეყანაში დაიხურება ღამის კლუბები, ხოლო ხალხმრავალი ღონისძიებები, მაგალითად, ფეხბურთის მატჩი, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend