მთავარისაქართველოUSAID-ის პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“

USAID-ის პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“

შვიდი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ქართული მედიის კიდევ ერთი თავგადასავალი – დაუღალავი შრომა, ახლის ძიება, შესაძლებლობების მოსინჯვა და მიგნებები.

ახლა ძნელი წარმოსადგენია ქართული ჟურნალისტიკა ამ გამოცდილების გარეშე, ეს არის – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამა, სახელწოდებით „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“. ე.წ M-TAG-ს პროგრამის მიზანი ქართული მედიის განვითარების ხელშეწყობა იყო.

M-TAG-მა 15 რეგიონულ მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა. პროგრამა დასრულდა და შვიდი დატვირთული წლის შესაჯამებლად ქართული ჟურნალისტიკის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრა ემოციური გამოვიდა, პროგრამის ავტორები და მონაწილეები ათას დეტალს იხსენებდნენ, ყველა ერთად კი აღნიშნავდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი პროგრამების არსებობას, რომ ქართულ მედიას ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარში დგომა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა მხარს უჭერს რეგიონულ მედიას, განსაკუთრებით ვამაყობთ სამი რეგიონული მედიით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაუწყებლობენ. პროგრამამ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. პროგრამაში ბევრი კარგი პროფესიონალია გაწევრიანებული. პროგრამას განსაკუთრებით კარგი შედეგები ჰქონდა პანდემიის პერიოდში. პანდემიისას რეგიონული მედია დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. მათ თავიანთ თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს“, – მიიჩნევს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

პროგრამაში მონაწილე მედიასაშუალებებს შორის იყო რამდენიმე სათემო რადიოსადგური, ასევე საგამოძიებო პროფილის მედიასაშუალებები და ის მედიაპლატფორმები, რომელთაც ეთნიკური უმცირესობების აუდიტორია ჰყავთ.

„მათ ჩვენ ვეხმარებოდით, რომ გაძლიერებულიყვნენ ორგანიზაციული თვალსაზრისით, რომ მათ ეკეთებინათ უფრო უკეთესი ხარისხისა და უფრო მრავალფეროვანი კონტენტი და ეს კონტენტი აუდიტორიამდე მიეტანათ სხვადასხვა არხის მეშვეობით. ვფიქრობთ, რომ ჩვენს მედიაპარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწიეთ. შესაბამისად, რეგიონული მედია საქართველოში ახლა უფრო წელგამართულია“, – ამბობს M-TAG პროგრამის ხელმძღვანელი ლია ჩახუნაშვილი.

ამ ცვლილებებზე თავად რეგიონული მედიის წარმომადგენლები საუბრობენ, ყვებიან თუ როგორ შეცვალა პროგრამამ მათი ცხოვრება და მიდგომები: USAID-ის მხარდაჭერის შედეგად, სხვადასხვა გაზეთმა, რადიომ თუ ტელეკომპანიამ გააფართოეს ინფორმაციის მიწოდების გზები

„თავდაპირველად, როდესაც თანამშრომლობა დავიწყეთ, ჩვენ მხოლოდ გაზეთი გვქონდა. შემდეგ ბეჭდური გაზეთის გამოცემა შევწყვიტეთ და დღეს უკვე წარმოვადგენთ ონლაინმედიას, რომელმაც შეძლო თავისი ადგილის დამკვიდრება ინტერნეტსივრცეში. ვმუშაობთ მულტიმედიასაშუალებებზე. ჩვენ თავად მოვემზადეთ ამისთვის, ვიყავით ბეჭდური მედიაჟურნალისტები და გავხდით ონლაინგამოცემის ჟურნალისტები, რომლებიც თვითონ იღებენ, ამონტაჟებენ და ყველაფერს თვითონ აკეთებენ,“ – თქვა „ბათუმელების“ მულტიმედია რეპორტიორმა მანანა ქველიაშვილმა.

M-TAG პროგრამის ფარგლებში ყოველი პარტნიორისთვის ინდივიდუალური მიდგომა შემუშავდა. და მერე იყო ტრენინგები თუ ადგილზე მუშაობა, დაუღალავი შრომა, მედიის ახალი პლატფორმების დასაუფლებლად, ინტერნეტსივრცის დასაპყრობად, რეგიონული მედიის სულ უფრო განსავითრებლად. და შედეგიც დადგა – პროგრამაში მონაწილე მედიასაშუალებების მაყურებელთა რაოდენობა ჯამურად 445%-ით გაიზარდა.

„ვფიქრობ, რომ ამ პროგრამამ მედიას მიაწოდა ახალი მეთოდები, როგორებიცაა მულტიმედიური რეპორტები, კონტენტის მოწოდება, წყაროებზე მუშაობა და ძალიან ბევრი კონსულტაცია თუ პრაქტიკული რჩევა. მიმაჩნია, რომ ეს ხარისხზე ნამდვილად აისახება, რასაც უკვე ვხედავთ – რეგიონში ჟურნალისტიკის საუკეთესო მაგალითები გვაქვს“, – განაცხადა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძემ.

მადლობებით სავსე, მაგრამ ამავე დროს სევდიანი იყო ეს შეხვედრა. პროგრამა – „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის M-TAG დასრულდა. მაგრამ როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა შეხვედრაზე თქვა, USAID-ი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ქართული მედიის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend