მთავარისაქართველოევროკავშირის ბანკი სოფლად ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მხარდასაჭერად 34 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის ბანკი სოფლად ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მხარდასაჭერად 34 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოება იგეგმება. ინვესტიის ოდენობა 34 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 მოქალაქისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი,  როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

„ჩვენ ვგეგმავთ, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრებიდან შორს მდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახებს, მივცეთ წვდომა სწრაფ და საიმედო ინტერნეტ კავშირზე.

ეს ინიციატივა სასარგებლო იქნება ბავშვებისათვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში,  ზრდასრულებისთვის, რომლებიც შეძლებენ სამუშაოს მოძიებას ან სერვისებზე წვდომას, სოფლის მეურნეობის მოდერნიზებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საშუალება საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული განსხვავების დასაძლევად.

ამ  ძალისხმევებს დაემატება  ჩვენი ახალი  დიგიტალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია ადამიანებისა და ბიზნესების ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერება. ამ ინიციატივიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად” – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, განაცხადა: „ჩვენი ინვესტიცია სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებში საქართველოს სოფლებისთვის უფრო მეტია, ვიდრე ევროპის გუნდის კიდევ ერთი ინვესტიცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხისა და ბიზნესის კეთების გასაუმჯობესებლად. ის მხარს უჭერს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მისი მდგრადი და ეკოლოგიური განვითარებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend