მთავარისაქართველოროგორ გაიგეს ევროკავშირის გზავნილები საქართველოში

როგორ გაიგეს ევროკავშირის გზავნილები საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრული ამოქმედება დროული და მისასალმებელია, რაც ამ სამი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. მხარდაჭერა დეკლარაციაში სხვადასხვა ფორმით ჩაიწერა – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი ურთიერთობები, საგანმანათლებლო პროექტები და მრავალი სხვა. მხარდაჭერის პარალელურად იყო შენიშვნები, კრიტიკა და მოწოდება – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა, იმუშაონ მეტი მეტისთვის. როგორ გაიგეს საქართველოში, ქართველმა პოლიტიკოსებმა მორიგი მხარდაჭერა და კრიტიკა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ევროკავშირმა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ურყევი მეგობრობა. როგორ დაამტკიცებს საქართველო იგივეს, ეს ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. უფრო კონკრეტულად კი, ხელისუფლების ოპონენტები მთავარ სამიზნედ, მმართველ გუნდს მიიჩნევენ.

„ამ სამიტიდან საქართველომ ახალი ვერაფერი წამოიღო ევროპიდან და ეს არც არის გასაკვირი. ჩვენ ქვეყანას ბევრი ჩავარდნები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გზაზე, თუმცა მაინც მისასალმებელია ახალი დეკლარაცია და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მორიგი ევროპული მხარდაჭერა. ახლა, მთავარია ქვეყანამ გააგრძელოს სწორი რეფორმების გზით ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის, რასაც მმართველი ძალის მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რაც ბოლო პერიოდში ნამდვილად არ მომხდარა“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ლელო“-დან სალომე სამადაშვილი.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კრიტიკის და შენიშვნების მიუხედავად, ხელისუფლება ყველაფერს სწორად აკეთებს, რასაც ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა მოჰყვა. შემაფერხებელ ფაქტორად კი ოპოზიციის საქმიანობას ასახელებენ, რაც მათი მხრიდან ტრადიციული შეფასებით – დესტრუქციულია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ასეთი მასშტაბით და ინტენსივობით ასოცირებულ პარტნიორებზე ფოკუსირება არასდროს მომხდარა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ასოცირებულ პარტნიორებზე და შემდგომ ურთიერთობებზე, რაც ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ასოცირებულ ქვეყნებთან. საუბარია უკრაინა, საქართველო, მოლდოვაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის დეკლარაცია ეხმაურება იმ უსაფრთხოებას, რაც არის რეგიონში. კერძოდ, საქართველო, უკრაინა, მოლდოვის ტერიტორიულ დარღვევაზე რუსეთის მხრიდან და საუბარია გაზრდილ თანამშრომლობაზე ჩვენი მედეგობის გაძლიერების კუთხით. ზოგადად, რეფორმების გზაზე შეცდომები და ხარვეზები ნორმალურია და სწორედ ამისთვის ხორციელდება რეფორმებიც. კრიტიკის მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირთან ურთიერთობაში“, – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

განსხვავებული აღქმის მიუხედავად, ოპოზიციაც და პოზიციაც სიტყვიერად ერთ რამეზე თანხმდება – აუცილებელია მეტი რეფორმა მეტი მხარდაჭერისთვის. რამდენად გადავა სიტყვიდან საქმეში ასეთი შეფასება, ეს უახლოეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გამოჩნდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend