მთავარისაქართველოგა(უ)მჭვირვალე მმართველობა საქართველოში - IDFI-ის წლიური ანგარიში

გა(უ)მჭვირვალე მმართველობა საქართველოში – IDFI-ის წლიური ანგარიში

2021 წლის შეფასების მიხედვით, საქართველოს თვითმმართველი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესებულია – ასეთია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წლის შემაჯამებელი დასკვნა, რომლის პრეზენტაციაზე ფართო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევისას ექსპერტებმა რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელეს, რითაც დგინდება თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხი. მათ შორისაა – ინფორმაციის გამოქვეყნება, გამოთხოვილ ინფორმაციაზე მოქალაქეების თავისუფალი ხელმისაწვდომობა, შეხვედრები მოსახლეობასთან და ასე შემდეგ. ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში კრიტიკულად შემცირებულია მერების და გამგებლების მიერ საჯაროობის პრაქტიკა, რაც დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და  მუნიციპალიტეტების მოქალაქეებთან სიახლოვის და ანგარიშვალდებულების ხარისხს ამცირებს.

“ამ კვლევის თანახმად, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვაწარმოეთ, გამოვლინდა, რომ ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვან სურათს გვაძლევს შევაფასოთ, მმართველობის დემოკრატიულობის ხარისხი. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები ნაკლებად მართავდნენ შეხვედრებს და პრეზენტაციებს მოსახლეობასთან, ასევე მოქალაქეებს ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში, რაც ამცირებს ამ უწყებების მაღალი სტანდარტით მუშაობის ხარისხს. ჩვენ გვინდა, რომ ეს კვლევა იყოს მათთვის რეკომენდაციის სახით და მომდევნო წელს გაუმჯობესებული სურათი აჩვენონ იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც რეიტინგში დაბალი მაჩვენებლები აქვთ“ – განაცხადა IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა.

საუკეთესო და გაუარესებული შედეგების მიხედვით, კვლევისას 5-5 ქალაქი გამოვლინდა. 2021 წლის განმავლობაში, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქი ფოთი დასახელდა, რომელსაც 100%-იან სკალაზე 70% აქვს. ჩამონათვალშია – რუსთავი, ;ლაგოდეხი, ოზურგეთი და ზუგდიდი. რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი შემდეგ ხუთ ქალაქს აქვს – ადიგენი 4%, ნინოწმინდა და თერჯოლა 5%, ასპინძა და ზესტაფონი 6%.

ანგარიშში ერთ-ერთ კრიტერიუმად თავად მოქალაქეების მხრიდან გამოხატული ინტერესია, ჩაერთოს და ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში. ამ მხრივაც, კვლევის ავტორებმა უკუსვლა გამოავლინეს. წინა წლებთან შედარებით, 2021 წელს მოქალაქეებს ნაკლებად ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა მათივე მუნიციპალიტეტების კონტროლში. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კვლევის ავტორთა თქმით, მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირები პანდემიას ასახელებენ, თუმცა ექსპერტების განცხადებითვე, ამ მუნიციპალიტეტებმა არ გამოიყენეს თანამედროვე შესაძლებლობები, რათა მოქალაქეები არ შეფერხებულიყვნენ.

„მუნიციპალიტეტების მუშაობაში მოქალაქეების მონაწილეობის შემცირება, თვითმმართველობის ხარისხის შემცირებას იწვევს. რამდენადაც ღიაა მოქალაქეებისთვის თვითმმართველი ორგანო, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დემოკრატიული მმართველობის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მით უფრო მაღალი მუნიციპალური ორგანოს გამჭვირვალობა. წელს კი ასეთი თანამშრომლობები შემცირებულია. სამი ფაქტორიდან, რასაც მიზეზად ასახელებენ, ყველაზე ლოგიკური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, მუნიციპალიტეტებს შეეძლოთ გამჭვირვალობა შეენარჩუნებინათ, რაც ხშირ შემთხვევაში არ მომხდარა“, – აცხადებს „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის” (MSDC) დირექტორი კოკა კიღურაძე.

გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით გამოვლენილ საუკეთესო და დაბალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტებს, კვლევის ორგანიზატორების მხრიდან სიმბოლური სერთიფიკატები გაეგზავნებათ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend