მთავარი საქართველო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს პრომეთე" სოსო ბლაიძის ფილმმა "ოთარის სიკვდილი" მოიპოვა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოქროს პრომეთე” სოსო ბლაიძის ფილმმა “ოთარის სიკვდილი” მოიპოვა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. 1 კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს 84 ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ნაჩვენები იყო ქართული თუ საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ფესტივალის 22-ე გამოშვება გამორჩეული იყო ქართული ფილმების რაოდენობით.

„ფესტივალი ერთგვარი წლის ბოლო შემაჯამებელი ფორუმია როგორც ქართული კინოსთვის, ისე უცხოური ფილმებისთვის. თბილისის კინოფესტივალზე თითქმის ყველაფერს ვაჩვენებთ, რაც წლის განმავლობაში საქართველოში იქმნება. წელს ქართული ფილმების რეკორდული რაოდენობა იყო. 36 ქართული ფილმი ვაჩვენეთ, როგორც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი. ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმების სექცია გვქონდა“, – განაცხადა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ.

შაბათს, 11 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებული ფილმების ავტორებს ფესტივალის პრიზი – „ოქროს პრომეთე“ გადაეცათ. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა მირანდა ნამიჭეიშვილის ფილმმა „ტვირთი“. ეს მირანდას პირველი ფილმია, რომელიც რეჟისორმა პანდემიის დროს არაერთი სირთულის ფონზე გადაიღო.

„ძალიან მოულოდნელი იყო. როგორც ვიცი, ბევრი ფილმი იყო და საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. თან ფესტივალზე ჩემი ფილმის პრემიერა შედგა. ჩემი პირველი ფესტივალია. ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა“, – ამბობს გამარჯვებული ფილმის რეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი.

კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში საერთაშორისო ჟიურიმ ორი ფილმი გამოარჩია. გამარჯვება სალომე ჯაშის ფილმმა „მოთვინიერება“ და თათია სხირტლაძისა და ანა ხაზარაძის ფილმმა „დიდება დედოფალს“ მოიპოვეს.

ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის გადაეცა სოსო ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“. ეს რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელზეც ის 8 წელიწადს მუშაობდა.

„თბილისის კინოფესტივალის დაწყების დღიდან სულ დავდიოდი. კიბეზე ვიჯექი ხოლმე. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ემოციები მაქვს, რადგან თბილისის კინოფესტივალზე სიარული მიყვარს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა აქ, თბილისში, შედგა და მიხარია, რომ მთავარი პრიზი გადმომცეს“, – ამბობს სოსო ბლიაძე.

ფილმის მთავარი გმირები არიან ქეთი და მისი შვილი ნიკა. ისინი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, როცა ნიკა მანქანით მოხუც კაცს დაეჯახება.

სორბონ-ნუველში კინომცოდნეობის პროფესორი კრისტიან ფეიგელსონი, რომელიც წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრია, ამბობს, რომ  მათ ფილმი „ოთარის სიკვდილი“ ერთხმად შეარჩიეს.

„მთავარი პრიზი გადავეცით ფილმს „ოთარის სიკვდილი“, რომელიც საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე მოგვითხრობს, ეს ამბავი ხშირად ხდება როგორც ქალაქში, ასევე სოფელში. ეს ფილმი იუმორითა და  ცოტაოდენი ირონიით გვიჩვენებს საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებას. საერთოდ, რაც ვნახეთ პროგრამაში, ყველა ფილმში პესიმიზმი იგრძნობოდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, პრიზი ისეთი ფილმისთვის მიგვეცა, რომელიც იუმორნარევი ტონით გვიყვებოდა თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემებზე,“ – აღნიშნა კრისტიან ფეიგელსონმა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა 90-წამიანი ფილმების კონკურსი, რომლის მიზანი ახალბედა რეჟისორების აღმოჩენაა. გამარჯვება კი ნატა სოფრომაძის ფილმმა – „მთის სიმღერა“ მოიპოვა. რეჟისორი ამ ნამუშევრით მომავალ წელს ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend