არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები მოითხოვენ, რომ აიკრძალოს ისეთი შეიარაღების გამოყენება, რომელსაც ფუნქციონირება ადამიანის ჩართულობის გარეშე შეუძლია.
გაეროში რვა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ისეთი ავტონომიური ლეტალური იარაღები, რომლებსაც კომპიუტერები და ხელოვნური ინტელექტი მართავს.
ეს საკითხია განხილვის ერთ-ერთი თემა გაეროს კონვენციური იარაღების რიგით მეექვსე კონფერენციაზე, რომელიც 13 დეკემბერს დაიწყო და 17 დეკემბრამდე გაგრძელდება. სწორედ ამ კონფერენციაზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები, არის თუ არა საჭირო ამ საკითხზე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება.
ქვეყნების დიდი ნაწილი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთი შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა არიან ქვეყნებიც, რომლებიც თავს იკავებენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ისრაელი და ინდოეთი.
This is real life, not science fiction.@amnesty and Stop Killer Robots have launched a global petition to call for the regulation of autonomous weapons. We can choose our future.
Sign the petition now: https://t.co/nvcooGA1T4#TeamHuman #StopKillerRobots pic.twitter.com/fCK4jbikrZ
— Stop Killer Robots (@BanKillerRobots) November 30, 2021
ორგანიზაცია “შეაჩერე მკვლელი რობოტები” საზოგადოებაში ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს.
“იქნება ეს ბრძოლის ველზე, თუ ქალაქში აქციების დროს, მანქანებს არ შეუძლიათ რთული ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება და იმის აღქმა, თუ რამდენად ღირებულია ადამიანის სიცოცხლე. მანქანები ვერ აღიქვამენ კონტექსტს და ვერ იაზრებენ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს”, — ვკითხულობთ მათ ვებსაიტზე.
მიმდინარე კონფერენციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საჭიროა ავტონომიური ლეტალური რობოტების რეგულირების ამბიციური გეგმა.
“მკვლელი რობოტების” შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მიღწევის მოწოდებით შექმნილია პეტიციაც, რომელსაც ხელი უკვე 17 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.