მთავარიაზიაავღანეთიგვალვის გამო ავღანეთის სოფლებში წყლის მარაგი იწურება

გვალვის გამო ავღანეთის სოფლებში წყლის მარაგი იწურება

ავღანეთში გვალვის გამო მილიონობით ადამიანი დაზარალდა. სოფლებში წყლის მარაგი იწურება, რის გამოც შვიდასი ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა,  სახლები დაეტოვებინა. გვალვის გამო შემცირდა მოსავალიც. მეცნიერების თქმით, ტემპერატურის მატება კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

სოფელ კამარ კალაღში მცხოვრებმა ჰაჯი ვალი ჯანმა წყლის ასავსებად ჭასთან ექვსი კონტეინერი მოიტანა. მას წყლის აღების უფლება მხოლოდ კვირის განსაზღვრულ დღეებში აქვს. მეორე კონტეინერის შევსებისას ონკანიდან წყალი გაჩერდა. ჭაში წყალი აღარ იყო.

„ადრე იქ ჭა იყო, მაგრამ დაშრა. იქ წყალი აღარაა, ამ წყალს კი ცუდი გემო აქვს… სოფელში მხოლოდ 15 მოხუცია დარჩენილი. სიღარიბისა და შიმშილობის გამო ყველამ დატოვა აქაურობა. ისინი ირანში, პაკისტანსა და თურქეთში გადავიდნენ“, – ყვება ადგილობრივი ჰაჯი ვალი ჯანი.

წყლის ბოცების ასავსებად ვალი ჯანმა თავისი შვილიშვილები სოფლის მოშორებით მდებარე წყლის გუბესთან გაგზავნა. ოჯახმა წყალი სახლში ურიკით წაიღო.

ადრე სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ისინი თავს აქლემებითა და თხებით ირჩენდნენ. ახლა მოსახლეობა ფულს ქვიშის გაყიდვით შოულობს. აჯაბ გული თავის ორ შვილთან ქვიშას მდინარის კალაპოტიდან თხრის და ტომრებში ყრის. სანაცვლოდ ისინი დღეში ორ დოლარს იღებენ.

„ოცი წლის წინ ამ მდინარეზე აქლემი რომ გადავიდოდა, მხოლოდ თავი უჩანდა. ადრე თოვლი და წვიმა ხშირი იყო. ბალახი მაღლა გვწვდებოდა“, – იხსენებს აჯაბ გული

გვალვის გამო ავღანეთში მოსავალი ოცი პროცენტით შემცირდა. გაეროს ინფორმაციით, წინა თვეში 18 მილიონზე მეტ ავღანელს საკმარისი საკვები არ ჰქონდა. წლის ბოლომდე ეს რიცხვი 23 მილიონამდე გაიზრდება, რაც მთლიანი მოსახლეობის სამოცი პროცენტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend