მთავარიმსოფლიობაიდენისა და პუტინის შეხვედრის შედეგები

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შედეგები

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კვლავ დაძაბულობაა

ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული ვიდეო კონფერენციის შესახებ საუბრობს.

ვიდეო კონფერენციამ ორ საათს გასტანა, ამერიკელი ლიდერის განცხადებით, მასსა და რუს პრეზიდენტს შორის საუბარი იყო პირდაპირი.

ჯო ბაიდენის თქმით, მან ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაზე თავდასხმას მოსკოვისათვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.

ამავე დროს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების შემთხვევში ბაიდენის თქმით, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ნაწილების გაგზავნა არ იგეგმება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ მის სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება.

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ვიდეო კონფერენციიდან ორი დღის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, ადგილზე რჩებიან რუსეთის ფედერაციის არმიის ნაწილები.

გუშინ, 8 დეკემბერს ჯო ბაიდენმა უკვე დეტალურად ისაუბრა იმ თემებზეც, რომლებიც რუს კოლეგასთან განიხილა.

შეერთებული შტატების ლიდერი ამბობს, რომ ვაშინგტონი კიევს თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.

“ვლადიმერ პუტინთან საუბარი იყო პირდაპირი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. მე ვიყავი ზრდილობიანი, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ ვუთხარი, რომ თუ ის უკრაინას თავს დაესხმება, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, მძიმე ეკონომიკური შედეგები იმ მასშტაბის, რომელიც მას აქამდე არ უნახავს და არავის მისთვის არ დაუწესებია. მან კარგად უწყის და მისი პასუხიც გახლდათ დასტური და მე მას მივანიშნე, რომ სწორედ ასეთ პასუხს ველოდი. დიდი ალბათობით ჩვენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრება მოგვიწევს. მე ვლადიმერ პუტინს ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ უკრაინას თავდაცვითი მიმართულებით დავეხმარებით. ჩვენი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება არ განიხილება, ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულებები და სამართლებრივი ვალდებულებები ნატოს წინაშე. მეხუთე მუხლი უდიდესი ვალდებულებაა. ეს ვალდებულება კი უკრაინაზე არ ვრცელდება, ამავე დროს გასათვალისწინებელია, რა პოზიცია ექნებათ ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს“, –  განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

შეხვედრის შემდეგ საუბრის ტონი არ შეუცვლია რუსეთის ლიდერს. ის კვლავ აცხადებს, რომ მოსკოვისათვის მიუღებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მაგრამ მოსკოვი თავდასხმას არ აპირებს.

“ჩვენს შორის საუბარი იყო ღია, შინაარსობრივი და კონსტრუქციული. მე მჯერა, რომ ამერიკული მხარეც ზუსტად ასე აფასებს ჩვენს შეხვედრას. გვაქვს შესაძლებლობა, რომ დიალოგი გავაგრძელოთ. ჩემი აზრით, ეს მეტად მნიშვნელოვანია. რუსეთის ფედერაცია მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ამავე დროს გვაქვს უფლება ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, როგორც გრძელვადიან ასევე მოკლევადიან პერიოდში“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

უკრაინაში კი ამბობენ, რომ რუსეთთან ომისთვის მზად არიან და სჯერათ, რომ მოსკოვს მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება.

„ამ მომენტისათვის ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებთან 115 ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასშიც. საჭიროების შემთხვევაში მოსკოვს დამატებით ძალების ადგილზე გადმოსროლა სწრაფად შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოსათვის ვიომებთ. ჩვენ ამის უნარი და სურვილი გვაქვს. ამავე დროს ეკონომიკური სანქციების პაკეტი მნიშვნელოვანია მოსკოვის შესაჩერებლად. მოკავშირეებთან ერთად, უკრაინაზე თავდასხმის ფასი პუტინისთვის მიუღებელი უნდა გავხადოთ. ვაშინგტონს ეკონომიკური ზეწოლა შეუძლია. ჩვენ კი ფრონტის ხაზზე ვიომებთ. დაპირისპირების შემთხვევაში ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვლადიმერ პუტინს არ სურს“, – მიიჩნევს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

ჯერჯერობით უცნობია, წამოიწყებს თუ არა კრემლი რეგიონში კიდევ ერთ სისხლიან კონფლიქტს. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ფაქტია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან ომის მოლოდინში კვლავ 100 000ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დგას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend