მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა ნაწილს მიაჩნია, რომ პუტინი და ბაიდენი სხვა...

უკრაინის კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა ნაწილს მიაჩნია, რომ პუტინი და ბაიდენი სხვა რეალობაში არიან

ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრის პარალელურად მდგომარეობა კვლავ დაძაბულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. კონფლიქტის ხაზთან მცხოვრები ადამიანების თქმით, ისინი მოლაპარაკებების პროცესს კრიტიკულად უყურებენ. მათი განცხადებით, მოლაპარაკებები არაერთხელ გამართულა, თუმცა მათ შედეგი არ გამოუღია.

უკრაინის დონბასის რეგიონში სროლა კვლავ ისმის. უკრაინელი უწყებების განცხადებით, რუსი ჯარისკაცები ცდილობენ ისინი პროვოკაციაზე წამოაგონ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების თქმით, პოლიტიკოსები მათ მშვიდობას უკვე დიდი ხანია ჰპირდებიან, თუმცა პირობას არ ასრულებენ.

„პუტინი და ბაიდენი სხვა რეალობაში არიან, ჩვენ კი სხვა. ნახეთ აქაურობა რას გავს. ჩვენ ომის ხაზთან ვცხოვრობთ. სროლა არ ჩერდება. როდის გაჩერდებიან? არაფერი ვიცით“, – ამბობს სოფელ კატერინივკას მცხოვრები ტატიანა პერივსკა.

ადგილობრივების თქმით, ისინი მოლაპარაკებების პროცესს კრიტიკულად უყურებენ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოდგენილები ამ მოლაპარაკებებზე. რატომ წყვეტენ ჩვენ ბედს სრულიად უცხო ადამიანები?“, – მიიჩნევს სოფელ კატერინივკას მცხოვრები ლენა.

უკრაინის უწყებების განცხადებით, სიტუაციის ესკალაციისათვის რუსეთი რეგიონში ტანკებსა და სნაიპერებს გზავნის. მათი მიზანია რომ უკრაინელებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნან.

„როგორ შეუძლიათ პოლიტიკოსებს ჩვენი დახმარება? ისინი უნდა დასხდნენ მაგიდასთან და ადამიანურად დაილაპარაკონ. პუტინი იქნება ეს თუ ზელენსკი“, – ამბობს ოლგა კატერინივკას მცხოვრები.

ამერიკელების თქმით, უკრაინის საზღვართან 70 ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსები შეტევისთვის ემზადებიან. 2014 წლიდან უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტს 14 ათასი ადამიანი შეეწირა.

„რამდენი მოლაპარაკება გამაართულა? პუტინს ყველა ქვეყნის ლიდერი დაელაპარაკა და არაფერი. მათ მოაწერეს ხელი მინსკის შეთანხმებას და რა? არაფერი შეცვლილა. არტილერია კვლავ ისვრის და ამისთვის არავინ ისჯება“, – ამბობს უკრანიელი ჯარისკაცი ირინა.

მდგომარეობის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend