მთავარისაქართველოსაკოორდინაციო საბჭოს სხდომა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე, ხოლო სიკვდილიანობით მერვე ადგილზეა.

დღეს, 7 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტრიბუნასთან ადგილი მხოლოდ გიორგი ღიბრაძემ დაიკავა.

„მოგესალმებით! მინდა, მოკლედ  გავიაროთ დღევანდელი თემები“, – ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.

საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი ჩვეულებრივ მხოლოდ იმ ბრიფინგებზე გამოდის, როდესაც საბჭო ან რამე რეგულაციას ცვლის, ან ახალს აწესებს. თუმცა დღეს ასე არ მოხდა. გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა კოვიდპასპორტებზე, რომლებიც ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში კოვიდპასპორტის ორი აპლიკაცია – Georgia e health და CovidPass Georgia – არსებობს. მათ შორის განსხვავება კი ის არის, რომ Covid Pass Georgia ქვეყნის შიგნით, ხოლო Georgia E health ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოიყენება.

„ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი კოვიდ-19-ის ბარათი, რომელიც ანაცვლებს აპლიკაციას Georgiae-Health და ეს არის მისი ბეჭდვითი ვერსია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ყოველი კვირის სამშაბათს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განიხილავენ. საბჭოს შემდეგ კომენტარს ძირითადად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, მისი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე აკეთებენ ხოლმე, თუმცა დღეს ჯანდაცვის სფეროს არცერთი წარმომადგენელი ბრიფინგზე არ გამოსულა. დღევანდელ სხდომაზე კოვიდგადატანილთა უვადო მწვანე სტატუსზე აპირებდნენ მსჯელობას. არსებული ინფორმაციით, საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სხდომა დატოვეს. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ ინფორმაციას არც ჯანდაცვის სამინისტროში და არც მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა საკითხების შესახებ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე“, – განმარტა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.

გუშინ, 6 დეკემბერს, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ღამის კლუბების ასოციაციას მეხუთედ შეხვდნენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი გარკვეულ პროტოკოლზე შეთანხმდნენ, რომლის დახმარებითაც ღამის კლუბები ქვეყანაში გაიხსნება, თუმცა ინფექციის გავრცელების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, პროტოკოლი საკოორდინაციო საბჭოსთვის დღეს უნდა წარედგინათ, რის შემდეგაც ისინი უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. თუმცა უცნობია, ისაუბრეს თუ არა საბჭოზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ამ სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, კი მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, მაგრამ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს“, – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ის 4 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში გამოკვლეულთა 9,53% ინფიცირებული აღმოჩნდა. გარდაიცვალა კიდევ 59 კოვიდპაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 000-ზე მეტი. კოვიდკლინიკებში მკურნალობას 6 500-ზე მეტი ინფიცირებული აგრძელებს. მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე, ხოლო სიკვდილიანობით მერვე  ადგილზეა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend