მთავარი საქართველო თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა ლევან კოღუაშვილის ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა ლევან კოღუაშვილის ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“

ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს კვლავ დარბაზებში მასპინძლობს. თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5 დეკემბერს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანია ახალი ქართული ფილმების პრემიერებით, კლასიკური კინოს რეტროსპექტივებითა თუ უცხოური ფილმებით.

„მაყურებელს შევთავაზებთ ძალიან საინტერესო პროგრამას. ეს იქნება მსოფლიო კინოს უახლესი ნამუშევრები, საუკეთესო ფილმები, სპეციალური ჩვენებები, რეტროსპექტივები, მასტერკლასები, დისკუსიები სხვადასხვა თემაზე და ასე შემდეგ. რაც მთავარია, წელს მაყურებელი იხილავს ახალ ქართულ ფილმებს“, – ამბობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი ნინა ანჯაფარიძე.

ფილმების მოყვარულებს დიდხნიანი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ნახვა არა ონლაინ, არამედ კინოთეატრებში შეეძლებათ. თუმცა ფესტივალი კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. დარბაზში სტუმრები ერთი სკამის გამოტოვებით დასხდებიან. კოვიდპასპორტებისა და პირდბადეების გამოყენება სავალდებულოა. შეზღუდვების მიუხედავად, ფესტივალზე მისვლის მსურველთა რაოდენობა მაინც დიდია.

„სასიხარულოა, რომ ფესტივალი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ჩვეულ ფორმატს. მაყურებელი დარბაზში დაესწრება კინოჩვენებებს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. სამწუხაროდ, არ გვექნება გადაჭედილი დარბაზები. თუმცა ფესტივალის პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია“, – აღნიშნავს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი გაგა ჩხაიძე.

ფესტივალი გაიხსნა ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით “მეოთხე ბრაიტონი”. კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ჩვენებას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო. ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში, ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე მონაწილეობს. ეს მისი უკანასკნელი როლია. ფილმის რეჟისორის ლევან კოღუაშვილის თქმით, თბილისის კინოფესტივალის გახსნა მისთვის განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.

„საქართველოში ფილმის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც განსაკუთრებულ მღელვარებასთან არის დაკავშირებული. თან ფესტივალი სწორედ ამ ფილმით იხსნება. ორმაგი პასუხისმგებლობაა, რომ ის ხალხი, რომელიც აქ ფილმის სანახავად მოდის, გაწბილებული არ გაუშვა. ისე ვნერვიულობ, თითქოს პირველი ფილმი იყოს. ამიტომ ამას ვერაფერს შეადარებ. ასევეა ოსკარზეც, რადგან შენს ქვეყანას წარმოადგენ“, – ამბობს ლევან კოღუაშვილი.

ფესტივალი 12 დეკემბერს დასრულდება. დახურვის ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“. დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პრომეთე“ გადაეცემათ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend