მთავარი საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიცია და უმრავლესობა კვლავ დაობს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიცია და უმრავლესობა კვლავ დაობს

პირველი მოსმენით, ერთხმად მიღებული კანონპროექტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიცია და უმრავლესობა კვლავ დაობს.

საკონსტიტუციო ცვლილებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთ-ერთი საკითხი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი, ასევე პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს, შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ ახსენებს ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს.

„ალბათ, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატიას აზრთა სხვადასხვაობა ესაჭიროება. როდესაც ერთი პარტია აკონტროლებს ყველაფერს, ეს დემოკრატიის წინააღმდეგ მუშაობს და ჰქმნის უმრავლესობის ტირანიის რისკს. საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დროს, საქართველოში ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი პოზიტიური რამაა, ეს საკითხი ასახული იყო 19 აპრილის შეთანხმებაშიც“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მზად არიან, განაახლონ მსჯელობა საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული წინაპირობებით – ირაკლი კობახიძის თქმით, ამისთვის პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია.

„პირველ რიგში, მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი და უფრო დაბალპროცენტიანი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ტირანია არ ყალიბდება. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თავად არაა ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას – ამას უზრუნველყოფს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც, საქართველოს ისტორიაში პირველად, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 1-ელ დეკემბერს გამოეხმაურნენ. ხელმომწერი ორგანიზაციები ამ განცხადებას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. მათივე განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ საერთაშორისო, ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend