მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით 27 დეკემბერს განახლდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით 27 დეკემბერს განახლდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს განიხილავდა. მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და რომ კორუფციის მასთან ერთად ხსენება უსამართლობაა.

„უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა „კორუფციის“ ხსენებას მე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ „მსოფლიო ბანკმა“, ერთადერთი შემთხვევა იყო როცა გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე ქვეყანაში. ეს მოახერხა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და ეს იყო საქართველო, ამაზე გამოუშვეს წიგნი. ჰოლანდიის გენერალურმა პროკურორმა მიმიწვია გენერალურ პროკურატურაში ლექცია წამეკითხა კორუფციასთან ბრძოლაზე ჰოლანდიელი პროკურორებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არ ასვენებს ივანიშვილს.”- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სიტყვის წარმოთქმისას მიხეილ სააკაშვილს პროკურორებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს საუბარი. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვდნენ. არგუმენტად კი პროკურორების მიერ მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპს ასახელებდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“პროკურორები ეწეოდნენ პროპაგანდას და დესტრუქციას. დღევანდელ პროცესზე მასმედიის არაერთი წარმომადგენელი იყო და ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს. პროკურატურა წარმოადგენს “ქართულ ოცნებას”. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, ეს იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიდან თავისთავად გამომდინარეობდა ის, რომ მესამე პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხები მართლაც გაფლანგული აქვს.

“ამ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა. შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამას მხოლოდ იმით ხსნიდა, რომ ეკუთვნოდა. რეალურად კი სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა”,- ამბობს საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი.

სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. სხდომა მესამე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დასრულდა და 27 დეკემბერს განახლდება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend