მთავარისაქართველოსაქართველოს „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთი ხელნაწერი წიგნი ექნება

საქართველოს „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთი ხელნაწერი წიგნი ექნება

ამიერიდან, საქართველოს „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთი ხელნაწერი წიგნი ექნება. უნიკალური და საოცარი პროექტი დასრულებულია.

21-ე საუკუნეში კიდევ ერთხელ გადაიწერა ხელით ვეფხისტყაოსანი და ეს პროექტი  „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილმა კოლექციონერმა, გურამ ახალაიამ 18 წლის წინათ დაიწყო. მას შემდეგ, ამ პროეტში 300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობდა და ყოველმა მათგანმა თითო გვერდი შემატა ამ წიგნს.  ეს ხალხი გურამ ახალაიამ დაითანხმა და შეძლო საქართველოს დარჩენოდა ვეფხისტყაოსნის მოყვარულთა 21-ე საუკუნის უნიკალური ხელწერა. 24 ნოემბერს, გურამ ახალაიამ და გამომცემელთა ჯგუფმა, საზოგადოებას ახალი უნიკალური ხელნაწერი წარუდგინეს.

როგორ  შეიძლება იყოს აქტუალური ხელნაწერი წიგნი 21-ე საუკუნეში? ალბათ ისევე, როგორც შეიძლება აქტუალური იყოს ვეფხისტყაოსანი, ყველა დროსა და ყველა ვითარებაში.

საქართველოში ვეფხისტყაოსნის ბევრი ხელნაწერი არსებობს და 200-მდე  გამოცემა. მათ რუდუნებით აგროვებს კოლექციონერი გურამ ახალაია, როგორც შოთა რუსთაველის მიმართ ქართველო ხალხის პატივისცემის უცვლელ გამოხატულებას. ჰოდა, სწორედ კაცს, რომელსაც  ეს კოლექცია უპყრია ხელთ, ალბათ ყველაზე კარგად მოეხსენება რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი  ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთხელ ხელით გადაწერა უკვე 21-ე საუკუნეში?

„პირველად ეს იდეა ჭაბუა ამირეჯიბსა და რეზო გაბრიაძეს გავანდე. მათ მითხრეს, რომ ეს საქმე მაშინათვე დამეწყო და არ გადამედო. მართლაც დავიწყე და მეგონა ორ წელიწადში მოვრჩებოდი, მაგრამ გადაწერას 15 წელი დაჭირდა. სამი წელი კი გამოცემისთვის მომზადებას. ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან ვეხებით ხელნაწერს, რომელიც ძირითადი განძია და ძირითადი სიმდიდრეა ქართველებისთვის. ახალგაზრდები კი უფრო დაინტერესდებიან. 1712 წლიდან დღემდე „ვეფხისტყაოსნის“ 170-ზე მეტი სხვადასხვა ქართული გამოცემა არსებობს.  თითოეული ჩემს კოლექციაშია. ეს იქნება განსაკუთრებული ეგზემპლარი ჩემი კოლექციისთვის და რა თქმა უნდა, მომავალი საქართველოსთვის, რადგან ეს უკვე ქართველების კუთვნილებაა“, – ამბობს “ვეფხისტყაოსნის” კოლექციონერი გურამ ახალაია.

სტრიქონ-სტრიქონ აგროვა გურამ ახალაიამ თანამედროვე ქართველების ხელით გადაწერილი სტრიქონები. იმ ხალხისა, ვისაც ასეთი საქმე არასოდეს უკეთებია.

და ასე თხოვნითა და ღიმილით – „მოდი ვცადოთ…“, „ მოდი დავიწყოთ…“, „5 სტროფი უნდა  გადაწეროთ..“ ასეთი თავდადებით შეძლო გურამ ახალაიამ ამ იდეის განხორციელება. და იმ წუთიდან, როცა ეს ხალხი, კალამს კიდებდა ხელს, ისინი უკვე ისტორიის ნაწილებად იქცეოდნენ.

„ხელი ამიკანკალდა მაშინ, როცა გადაწერას შევუდექი. დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება დამეუფლა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს პატივი მხვდა წილად. საოცრად შთამბეჭდავი ამბავია და ვფიქრობ, ეს იდეა ყველა ეპოქამ უნდა აიტაცოს და გაიმეოროს, რადგან ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც არ დაილევა ნიჭიერი და გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები“, – ამბობს კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.

„მე ალბათ ვიტრაბახებ.  ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვებ იმ წიგნს, სადაც შოთა რუსთაველის პოემა ჩემი ხელნაწერითაც იქნება. ძალიან ბედნიერი დღეა ჩემთვის და ყველა ქართველისთვის. გადაწერის დროს ყველაფერს ძალიან ვუკვირდებოდი. თითოეულ ჩვენგანს სურდა თავისი სათქმელი და ამ ქვეყნის სიყვარული გამოეხატა. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამ პროექტში“, – განაცხადა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ.

მაგრამ ერთია ტექსტის გადაწერა, ხელნაწერ წიგნს  მხატვრული გაფორმება სჭირდება – კამარებისა თუ მინიატურების კომპოზიციების შესრულება. ხელნაწერის თითოეული გვერდი უძველესი ხელნაწერების მიხედვით გაფორმა, მხატვარ-რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ. ეს მინიატურები თან ტრადიციულად არის შექმნილი და თან საოცრად თანამედროვეა.

„ვცდილობდი ძველ სტილში დამეხატა და არ ყოფილიყო თანამედროვე. ხან გამომდიოდა, ხანაც მეორეჯერ ვხატავდი და ასე ვარჩევდი. არავისთვის მიკითხავს რჩევა. როგორც მე მსურდა ისე ვაკეთებდი. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებული გამოვიდა, თანამედროვე სტილში. თავდაპირველად შიშმა შემიპყრო. სულ ვფიქრობდი რაიმე ისე არ გამეკეთებინა, რომ სასაცილო ყოფილიყო. მითხრეს, სწორედ ჩემი ხედვით გამეფორმებინა წიგნი და არავისგან არ გადმომეღო სტილი.“

ცალკე საკითხია, ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების ახალი ვერსიების შექმნა. შოთა რუსთაველის პოემის თითოეული ეპიზოდისა და სახის ხსენებაზე, მკითხველს ჩვეული ხატები წარმოუდგება და ამ სახებებს რეალურად და ცოცხლად ხედავს. ამ ახალ წიგნს, ილუსტრაციებიც ახალი ექნება.  მხატვრები მათ სპეციალურად 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისთვის“ ქმნიდნენ.

„როცა ბატონმა გურამმა შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღეები და ღამეები ვფიქრობდი თუ როგორ უნდა შემექმნა „ვეფხისტყაოსნის“, რუსთველის გარემო. რუსთველის მთელი სამყარო გავიაზრე. მე-12 საუკუნე, თამარ მეფე, ბოროტებას სიკეთე რომ სძლევს. ჩემს ნახატში ეს ყველაფერია ასახული. გურამ ახალაიამ „ვეფხისტყაოსნის“ საოცარი გამოცემა შექმნა. მან მსოფლიოს მისცა მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა უყვარდეს ერს თავისი გენია, თავისი უდიდესი ქმნილება. უკეთესი რა გვაქვს? უკეთესი რა უნდა იყოს?“- განაცხადა მხატვარმა რეზო ადამიამ.

იმ საღამოს, როცა მრავალი წლის ნაშრომი, მრავალი ხელით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ საზოგადოებამ პირველად იხილა, 21-ე საუკუნის გადამწერებმა სურვილი გამოთქვეს: რა იქნება, რომ შოთა რუსთაველის პოემის ხელით გადაწერის ტრადიცია გაგრძელდეს. იქნებ, საუკუნეში ერთხელ მაინც მოხერხდეს ეს როგორც ეროვნული საუნჯის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოვლინება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend