მთავარისაქართველოოპოზიციის პროტესტი გრძელდება

ოპოზიციის პროტესტი გრძელდება

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობს საპროტესტო აქციებს. მათი მოთხოვნები ისევ უცვლელი რჩება – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, გაათავისუფლონ პატიმრობიდან და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს დღის ორ საათზე თავიანთ მხარდამჭერებთან ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს თან პლაკატები ჰქონდათ მოტანილი – წარწერით „თავისუფლება მიშას“.

„აქ მოსვლის მიზანია, ის, რომ გადავარჩინოთ სახელმწიფო“,

„მოვედი იმის გამო, რომ მოვითხოვო დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლება“,

„აქ მოსვლის მიზეზი არის ერთადერთი – გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე“, – აცხადებენ მოქალაქეები.

დიდი რაოდენობით  სამართალდამცველთა ჯგუფი იყო მობილიზებული ყველა იმ უწყებასთან, სადაც აქციის მონაწილეები მიდიოდნენ.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა. უწყება მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებდა, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

„კანონში არის პირდაპირ ჩაწერილი, რომ თუ ხდება ხელოვნურად გზის გადაკეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებული არის ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, ამ შემთხვევაში, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს. თავდაპირველად ავლაბრის მეტროდან ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით წავიდნენ. მსვლელობის პარალელურად კი გზის სავალ ნაწილზე წარწერებს აკეთებდნენ. მათ შორის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც გააკეთეს წარწერა – „თავისუფლება მიშას“. მსვლელობა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. აქტივისტები გადაადგილების მარშრუტს დაუგეგმავად ცვლიდნენ. ბოლოს კი ორბელიანების სასახლესთან გაჩერდნენ.

„შსს-მ გვითხრა, აქციას ვერ გამართავთ, უფლება არ გაქვთ. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული უფლება, მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა გააკეთონ მსვლელობა, ისინი თუ გვაიძულებენ, სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ კლინიკაში, თუ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, როგორც დღეს იყო პროტესტის ტალღაში გახვეული დედაქალაქი, ასევე გაეხვევა ხვალაც, არა მხოლოდ დედაქალაქი, საქართველოს დიდი ქალაქები“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

„ჩვენი აქციები არის მწვავე და არის არაძალადობრივი, დავდივართ ქუჩაში, ვკეტავთ გზას და გვინდა, მთელ საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ არ შეიძლება გაუქმებული სიკვდილის დასჯის დე ფაქტო აღდგენა, არ შეიძლება,სააკაშვილს არ ეძლეოდეს საშუალება, შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ, რომ იქ, სადაც არის, შიმშილობას ვერ შეწყვეტს, იმიტომ, რომ ეს არის უფრო სახიფათო, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ მათი ყოველდღიური ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend