მთავარი საქართველო მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ მესამე პრეზიდენტის გარეშე ჩატარდა

მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ მესამე პრეზიდენტის გარეშე ჩატარდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ მესამე პრეზიდენტის გარეშე ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილს არც ამჯერად მიეცა სხდომაზე დასწრების უფლება – ეს გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო, თუმცა დაცვის მხარეს შესთავაზეს ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა პროცესში. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავდა მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს. ამავე ეპიზოდში ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თეიმურაზ ჯანაშიაც. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ბრალდება აბსურდულია. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმე მხოლოდ პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში დახარჯულ თანხებს ეხება.

„ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ – ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინით შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო, ჯო ბაიდენის გამასპინძლების გამო, ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტისას მისი გამასპინძლების ხარჯის გამო, ბრონირებული ავტომობილების დაქირავების გამო და ყველა იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა“ – განაცხადა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატემბა სასამართლო პროცესზე თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალებას მიზანმიმართულად არ აძლევენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ გვერდზე კი ამასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

საქმე, რომელზეც მესამე პრეზიდენტი უნდა გასამართლდეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. ამავე პერიოდში პრეზიდენტის მიერ ლეგიტიმურად, მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მილიონი ლარი, თუმცა წარმოდგენილი 9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად, წარმოადგენდა მათი გართობის, დასვენებისა თუ სხვა ხარჯებს“ – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ამ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს უნდა გაიმართოს. 29 ნოემბერს კიდევ ერთი სასამართლოა – 7 ნოემბრის საქმეზე. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაზე კი პროცესი ხვალ, 16 ნოემბერს ჩაინიშნა. ჯერ არავინ იცის, როდის მიეცემა მიხეილ სააკაშვილს უფლება წარდგეს სასამართლოს წინაშე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სამკურნალო დაწესებულებაშია და 46-ე დღეა შიმშილობს.

ნანუკა მეშველაშვილი​

უახლესი

სხვა ამბები

სასამართლო პროცესისასამართლო პროცესი

Send this to a friend