მთავარი მსოფლიო თალიბანის დაბრუნება

თალიბანის დაბრუნება

ისტორიკოსმა უილ დურანტმა დათვალა, რომ კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ 29 წელი იყო ისეთი, როდესაც ომი არსად არ მიმდინარეობდა. ავღანეთისთვის ამ რიცხვმა ახლა სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა.

ბოლო ოთხი დეკადის განმავლობაში ეს ქვეყანა ომით განადგურებული სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა. 1979 წლიდან მოყოლებული, როდესაც ავღანეთში საბჭოთა კავშირი შეიჭრა, შემდეგ 90-იანი წლების ჩათვლით, როდესაც  თალიბანი აღზევდა, ქვეყანამ პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით სრული ქაოსი გაიარა, რაც დღეს თალიბანის  დაბრუნებით დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს ლიდერებმა ფაქტობრივად ვერ შეძლეს დახმარებოდნენ ავღანეთს ქვეყანაში ისეთი გარემო შექმნილიყო, რომ ავღანელ ხალხს საკუთარი ქვეყანა ისევ აღედგინა და მომავალი თამამად დაეგეგმა.

წლების განმავლობაში ავღანეთს მილიარდებს დაჰპირდნენ, უთავალავი სამშვიდობო მოლაპარაკება მოეწყო და ათობით ათასი სამხედრო შეიყვანეს ამ ქვეყანაში მშვიდობის დასამკვიდრებლად. და მაინც ავღანეთი ისევ კრიზისის ზღვარზე რჩება.

2021 წელს ავღანეთმა იხილა, როგორ გაჰყავდა ამერიკის შეერთებულ შტატაებს თავის არმია და ხელისუფლებაში თალიბანი დაბრუნდა – ეს ყველაფერი მსოფლიოსა და ამ რეგიონისთვის გადამწყვეტ დროს მოხდა.

ჩემი ვიზიტი ავღანეთში თალიბანის მოსვლის შემდეგ

ავღანეთში თალიბანის მიერ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულის აღებიდან ძალიან მალე ჩავედი, რათა მომეთხრო, რას ნიშნავდა სამხედროების დაბურნება ქვეყნისა და მისი ხალხისთვის.

ქაბულში ყოფნის დროს შევძელი გავსაუბრებოდი  თალიბანის რიგით ჯარისკაცებს, ასევე საბრძოლო მეთაურებსა და ახალი მთავრობის მაღალჩინოსნებს. თალიბანის მოძრაობას შევახსენე მათი გარკვეული დაპირებები, რაც ამ ყოველმხრივ დახლეჩილ ერს მისცეს, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური, ტომური, ლინგვისტური თუ იდეოლოგიური თავლსაზრისით. დაპირებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო  ინკლუზიური მთავრობის შექმნა, რომელშიც ძალაუფლების წარმომადგენლობითი ბალანსი დაცული იქნებოდა.

შევხვდი იმ ავღანელებსაც, რომლებიც  ვითარების  უცაბედი შემობრუნების მძევლებად იქცნენ. ბევრს ეშინია მომავლის და ვერც წარსულს ივიწყებს, რადგან  განვლილი ტკივილი ჯერ ისევ მოუშუშებელ იარად რჩება.

ავღანეთის წარსული

ბევრი „ყველაზე ბნელს“ უწოდებს იმ პერიოდს, როდესაც  ბოლოს „თალიბანი“ ქვეყანას მართავდა. ქალს არ შეეძლო სახლიდან გასვლა მამაკაცი ნათესავის გარეშე. ხალხს მოედნებზე საჯაროდ როზგავდნენ და კლავდნენ. ღალატში ეჭვმიტანილებს ქვით ქოლავდნენ.

მართალია ახლა თალიბანი ახალი თავის დაწერას ჰპირდება ყველას, სადაც არ იქნება შიში და ტერორი. მაგრამ მანამდე მათ ძალიან რთული ამოცანის გადაჭრა მოუხდებათ: თალიბებმა მილიონობით ავღანელის ნდობის მოპოვება უნდა შეძლონ,.

ავღანეთის აწმყო

თალიბანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ავღანელების ყველა პრობლემა მოაგვაროს და ყველას ემსახუროს. მათ ქვეყნიდან გასულებსაც მიმართეს, რომ დაბრუნდნენ და „ქვეყანას დაეხმარონ.“

მაგრამ მათ წინ მთელი რიგი ურთულესი ამოცანები დგანან: ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა იმ დროს, როდესცა ქვეყანა ეკონომიკური კრახის წინაშე დგას.

რაც თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდა,  ავღანეთს მაშინვე შუწყვიტეს 8 მილიარდი ევროს მოცულობის უცხოური სავალუტო რეზერვებზე წვდომა, რაც ქვეყნის ფინანსების 90 პროცენტია და ამ თანხის უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაბლოკილი.

ამიტომ სახელმწიფო, რომელსაც ახლა ავღანეთის ისლამური ემირატი ჰქვია, ხელფასებს ვეღარ გასცემს. სამოქალაქო სამსახურის მაღალჩინოსნების უმეტესობამ, ტექნოკრატებმა და ბიზნესმენებმა ქვეყანა დატოვეს.

ბანკებს მხოლოდ ეროვნული ვალუტის ავღანის ძალიან მცირე რაოდენობით გაცემის ნება აქვთ. მილიონობით ავღანელი ნაღდი ფულის დეფიციტს განციდის იმ დროს, როცა პირველადი მოთხოვნის პროდუქციაზე [სურსათზე, საწვავსა და ბუნებრივ აირზე] ფასები იზრდება.

ელექტროენერგია, რომლის 80 პროცენტი მეზობელი ქვეყნებიდან  – ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და ირანიდან შემოდის, ჯერჯერობით არ შემწყდარა. მაგრამ თალიბანს დენის საფასური არ გადაუხდია 15 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ის ხელისუფლებაში დაბრუნდა.

ავღანეთის მომავალი

20 წლიანი ომის შემდეგ, თალიბებს სჯერათ, რომ გაიმარჯვეს. და მოსწონს თუ არა ეს ამბავი დანარჩენ მსოფლიოს, ეს მოძრაობა ავღანეთის მომავალის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

თალიბანის მმართველობის პირველი სამი თვის მიხედვით მსჯელობა რთულია,  თუმცა მას მოუწევს იმ ნდობის დამსახურება, რასაც ითხოვს: მოქმედი ადმინისტრაცია მხოლოდ თალიბანის წევრებით არის დაკომპლექტებული, ეკონომიკა ისევ ჩიხშია, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქალები არ დაიშვებიან,  ხოლო წინა მთავრობის წევრების მიმართ რეპრესიები – მათ შორის წამება და მკვლელობა – ჯერ ისევ ხდება.

ავღანელებს მშვიდობა სწყურიათ და 15 აგვისტოს მერე ქვეყნის უმეტეს ნაწილში იარაღის ხმა აღარ ისმის. მაგრამ ამის სანაცვლოდ თუ თავისუფლებას მოითხოვენ, ეს ძალიან ძვირი ფასი იქნება –  ავღანელება ეს კარგად უწყიან. საკითხავია – იცის თუ არა ეს თალიბანმა?

ავტორი: ანელიზ ბორჯესი

 

უახლესი

სხვა ამბები

თალიბანითალიბანი

Send this to a friend