მთავარისაქართველომესამე პრეზიდენტის საქმე

მესამე პრეზიდენტის საქმე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, 24 ნოემბრამდე მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოხსნა ქვეყნის ინტერესია და მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და დებულებები ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, დროებით, ასე ვთქვათ, ღონისძიების ნორმებს ძალიან იშვიათად, გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევებში იღებს ხოლმე ევროსასამართლო, ამიტომ, რეალურად ის, რომ ძალიან მოკლე დროში სწორედ საერთაშორისო დამცველთა ჯგუფის მიერ ეს მოთხოვნა, განიხილა და, შესაბამისად, დაადგინა დროებითი ღონისძიების ნორმები, ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

„სტრასბურგის სასამართლოს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, არა თუ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ან თუნდაც მთლიანი ოპოზიციის, რომ იქამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი და მოხსნილი იყო“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მხარეებს გაუგზავნა. სასამართლოს მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. ასევე სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სახელმწიფოს მოსთხოვა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მიაწოდოს ინფორმაცია.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ეპიზოდს, სადაც ითხოვს ინფორმაციას პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. რა საკვირველია, მივაწოდებთ ინფორმაციას როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებების დაცვის შესახებ. სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციის საგანი თავად მისმა ადვოკატებმა გახადეს“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა და ამ დრომდე შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პენიტენციურმა დაწესებულებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend