საფრანგეთის მოქალაქემ გრიშა ლეპუანტმა მისი ცხოვრების ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებას მიუძღვნა. ახლა მან კაბო-ვერდეში მობინადრე მაიმუნების დასახმარებლად თავშესაფარი ააშენა, იგი დაცული ნაკრძალის შექმნაზე ოცნებობს იმისათვის, რომ მაიმუნის სახეობა, მწვანე ანთარი არ გადაშენდეს.
ლეპუანტი უკვე 7 წელია თავის მაიმუნს უვლის. სწორედ ამ ურთიერთობამ გაააზრებინა მას, რომ სახეობების შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
„მაიმუნი მტაცებელ ცხოველად ითვლება და ფერმერებს მათთან ბევრი პრობლემა აქვთ. რეალობა ისაა, რომ მაიმუნები სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს ზიანს აყენებენ. ერთადერთ გამოსავლად, დღეს მათი მოკვლა ითვლება. პირველ რიგში, ეს კონფლიქტი უნდა მოვაგვაროთ“, – მიიჩნევს გრიშა ლეპუანტი.
გარდა ამისა, არის მცირეწლოვანი მაიმუნების ბაზარზე მოთხოვნა. გაზრდის შემდეგ კი, დიდი სივრცის საჭიროების გამო, ისინი მიტოვებულნი არიან.
“თუ არაფერს გავაკეთებთ კაბო-ვერდეში მობინადრე მაიმუნებისთვის, ისინი მალე გაქრებიან. ჩემი ოცნებაა, ვნახო თავისუფალი და ბედნიერი მაიმუნები, რომლებიც ყველანაირად არიან უზრუნველყოფილი. მაიმუნების ეს სახეობა ბიომრავალფეროვნების ნაწილია. თუ მაიმუნებს ყურადღებას არ მივაქცევთ და მათ დახოცვას გავაგრძელებთ, თუ არ გვექნება მათ დასაცავად რამე პროექტი, ისინი ნელ-ნელა გადაშენდებიან. სხვა ქვეყნებში უკვე გვაქვს ამის მაგალითი“, – ამბობს ლეპუანტი.
მაიმუნები კაბო-ვერდეს კუნძულ სანტიაგოში აფრიკიდან პირველ კოლონიზატორებთან ერთად გამოჩნდნენ და ენდემურ სახეობად იქცნენ. ახლა კულტივირებული ფართობი მუდმივად იზრდება, რაც მწვანე ანთარს საფრთხეს უქმნის.
„25 წელზე მეტია, რაც ჰუმანიტარული დახმარების სფეროში ვმუშაობ. ვიგრძენი, რომ გარემოს დაცვაში წვლილი მეც უნდა შემეტანა. მეც ისევე მაწუხებს ეს მდგომარეობა, როგორც სხვა მილიონობით ადამიანს. ამიტომ, ვეცადე შემექმნა ამ თავშესაფრის პროექტი“, – ამბობს გრიშა ლეპუანტი.
სწორედ, ასე აშენდა თავშესაფარი, რომელიც სანტიაგოს პატარა ქალაქში მდებარეობს. ეს ადგილი, რომელიც ცხოველებისთვის მოაწყვეს, ახლა ეკოტურიზმსაც უწყობს ხელს, რათა ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს.