მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიასტურიის პრინცესას პრემიის მფლობელი გლორია სტაინემი თავის ფემინისტურ მოღვაწეობაზე საუბრობს

ასტურიის პრინცესას პრემიის მფლობელი გლორია სტაინემი თავის ფემინისტურ მოღვაწეობაზე საუბრობს

ამერიკელმა აქტივისტმა, მწერალმა და  ქალთა უფლებების ვეტერანმა დამცველმა გლორია სტაინემმა ასტურიის პრინცესას 2021 წელს გაცემული პრემია მიიღო კომუნიკაციებსა და ჰუმანიტარულ სფეროში. ესპანეთში დაჯილდოების ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე გლორიას „ევრონიუსის“ წამყვანი ტოკუნბო სალაკო შეხვდა ქალაქ ოვიედოში და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა.

ევრონიუსი

ნება მომეცით, გკითხოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როდის დადგა ის წუთი, როდესაც თქვენ ფემინისტად იქეცით?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„მჯერა, რომ  მეც, მსოფლიოში ყველა ბავშვის მსგავსად, ყოველთვის ასეთი ვიყავი – იცით, რას ვგულისხმობ? მაგალითად,  ხშირად გვითქვამს: „შენ არ ხარ ჩემი უფროსი“. შევამჩნიე, რომ ბავშვები ყოველთვის ამას ამბობენ. მერე იწყება ცხოვრებასთან მორგების ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ცდილობ, სხვისი მოწონება დაიმსახურო, თვინიერი ხარ და უსამართლოდ გექცევიან, სანამ ისევ ის საკუთარი ღირსების ბუნებრივი გრძნობა არ დაგიბრუნდება, მიხვდები, რომ ჩვენ ყველას თანაბარი მნიშვნელობა გვაქვს. ჩემს შემთხვევაში, არავითარი ქალთა მოძრაობა არ ყოფილა, სანამ 35 წელს არ გადავცილდი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი პირადი განცდები,  ვერ ვაცნობიერებდი, რომ რამე მოძრაობა დასაშვები იყო.“

რას იტყოდით ცვლილებებზე? დაღლილობას ხომ არ გრძნობთ იმის გამო,  რომ ასე დიდხანს აწარმოებდით კამპანიას? ამჩნევთ დრამატულ ცვლილებებს თუ არა?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„ვერა, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს ვხედავ, როგორებიცაა უთანასწორობა ანაზღაურების ან მემკვიდრეობის განაწილების დროს,  ან  როდესაც საკუთარი სახელის შენარჩუნება არ შეგიძლია. გარდა ამისა, ვხედავ დიდ უსამართლობას სექსიზმის, რასიზმისა და ჯგუფური მიკერძოების კუთხითაც. მე  ჟურნალისტი ვიყავი, ამიტომ არასდროს ვყოფილვარ დიდ ორგანიზაციაში დასაქმებული და მისი ნაწილი. თუმცა მიკერძოებას სხვა ფორმით ვგრძნობდი. მაგალითად,  დავალების მხრივ, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო, მაგრამ ამას არ ჰქონდა ისეთი სახე, როგორიც ეს დიდ ორგანიზაციაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

თქვენ ძალიან ბევრი დაწერეთ იმაზე, თუ როგორ გაიკეთეთ აბორტი ლონდონში. ახლა როცა უყურებთ, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში, ტეხასს ვგულისხმობ, რას გრძნობთ ამასთან დაკავშირებით?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„როგორც თავად აღნიშნეთ, ტეხასში ხალხის უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ქალებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რას უზამენ საკუთარ სხეულს. მაგრამ ოთხი თუ ხუთი კანონმდებელი კაცი ამას ეწინააღმდეგება.  და აშკარაა, რომ რაციონალობის, მიკერძოებისა და პატრიარქატის მამოძრავებელი მოტივი არის შობადობის გაკონტროლება. საკვერცხე მხოლოდ ქალს აქვს, ამიტომ ქალის საკვერცხეების გაკონტროლების სურვილი და პოლიტიკური აუცილებლობა, რაც პატრიარქატის არსს წარმოადგენს, ჯერ კიდევ ჰიტლერის დროიდან მოდის. იმის თქმა მსურს, რომ პირველი, რაც ჰიტლერმა გააკეთა, როდესაც აირჩიეს, და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, ის იყო, რომ კერძო კლინიკები დაკეტა და აბორტი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. ამას სათავე პაპის ინსტიტუტმა კი არ დაუდო, არამედ ნაპოლეონ მესამემ სთხოვა პაპს აბორტის უკანონოდ გამოცხადება, რადგან ნაპოლეონს მეტი ხალხი სჭირდებოდა არმიისთვის. ასე რომ, ეს ყოველთვის უკავშირდებოდა ბოროტ, პრაგმატულ კონტროლს და არა რელიგიას – ამ შემთხვევაში მაინც რელიგია არაფერ შუაშია. და იმის გამო, რომ  საკვერცხე ქალს აქვს, ჩვენ მუდამ გვიხდებოდა ამისთვის ბრძოლა. ეს, გარკვეულწილად, რასიზმს ჰგავს, ეს სისტემაა.“

თქვენ საკუთარ თავს მარადიულ მეოცნებედ თვლით. თუ არ ვცდები, თავს  „იმედზე დამოკიდებულიც“ კი უწოდეთ. რა გაძლევთ მოტივაციას დღეს და   რაზე ბრაზობთ?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„ეს ორი დიდი კითხვაა. მოტივაციას იმ ხალხის უამრავი და უთვლელი მაგალითი მაძლევს, რომელიც საკუთარი თავისა  და სხვების დასაცავად იბრძვის  ისეთ დიდ უთანასწორობათა წინააღმდეგ, როგორებიცაა  სიღარიბე, მიკერძოება, რელიგიური მოძღვრება. როდესაც ამას ხედავ, ეს შთაგონების დიდი წყაროა. ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ, არიან პატარა ბავშვები, რომლებიც ამბობენ – “ შენ არ ხარ ჩემი უფროსი“ –  და ეს უკვე მოტივაციაა.“

ეს ნამდვილად იმედის მომცემია.  და რაზე ბრაზობთ ახალა, როდესაც მსოფლიოს უყურებთ?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„რა მაღიზიანებს ამჟამად…?“

ახლაც ძველებური შემართება გაქვთ?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„ახლახან თავიდან მოვიშორეთ შემთხვევითი პრეზიდენტი, სახელად ტრამპი.“

იგი ახლა საკუთარ სოციალურ მედიაკომპანიას ქმნის….

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„დარწმუნებული ვარ, არავინ მოუსმენს. ტრამპი უმრავლესობას არ აურჩევია. ეს ჩვენი, ამომრჩეველთა კოლეგიის უცნაურობა იყო, რომელმაც იგი არჩეულად ჩათვალა და ეს ნამდვილად გასაბრაზებელი იყო, ძალიან გასაბრაზებელი ამ უსამართლობის ხარისხისა და ზოგადად ამ კაცის არსებობის გამო. გავბრაზდი მისი მხარდამჭერების მიერ თეთრ სახლზე მიტანილი იერიშზე. და ზოგადად ვბრაზობ ნებისმიერ უსამარათლობაზე, როდესაც ხედავ, რომ კარგი ადამიანი იტანჯება, ცუდი კი ზეიმობს.“

როგორც ჩანს,  ქალთა რევოლუციური მოძრაობის მესამე ან მეოთხე ტალღაზე ვიმყოფებით. თქვენი აზრით, სოციალურმა მედიამ რა როლი ითამაშა ამაში?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„ეს ამბავი სულის სიღრმემდე მაშფოთებს, რადგან მსოფლიოში ქალებს არათანაბარი წვდომა აქვთ სოციალურ მედიასა და ელექტროენერგიაზე. არიან ქალები, რომლებიც ისეთ ადგილას ცხოვრობენ, სადაც ასეთი კომფორტი არ არის და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან, როგორც ჩანს, მსოფლიო პოლარიზაციისკენ მიდის და ერთ ნაწილს  ექნება წვდომა ტექნოლოგიაზე და მეორეს – არა.  იგივე ითქმის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. გამოდის, რომ წვდომა მომსახურებაზე წინ დგას. ვისურვებდი, იყოს ისეთი სატელიტი, რომელიც ინტერნეტს ყველას მიაწოდებდა, რომ სულ მცირე კომუნიკაციის მხრივ მაინც ვიყოთ თანასწორი.“

მინდა, თქვენი მოარული ცხოვრების წესის თაობაზეც გკითხოთ, თქვენ ხომ ძალიან ბევრი იმოგზაურეთ. ეს ამბავი ახლა უკვე ეკრანზეც გადავიდა  –  დიდი ჰოლივუდის  ფილმში „გლორია“.  კმაყოფილი ხართ შედეგით?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„დიახ, იმიტომ, რომ ეს არ არის დიდი ჰოლივუდის ნაწარმოები! ეს განსაკუთრებული  ფილმია, რომელიც ეფუძნება ჩემს წიგნს „გზაზე“.

მე სრულად მივენდე კინორეჟისორს და, ჩემი აზრით, მან შესანიშნავად გაართვა თავი საქმეს.“

და როგორ მოგეწონათ საკუთარი თავი, ან მისი ინტერპრეტაცია ამდენი წლის შემდეგ?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„რასაკვირველია, საკუთარ თავს ვერასოდეს ხედავ. მაგრამ ფილმში ოთხმა მსახიობმა ქალმა ითამაშა ჩემი როლი სხვადასხვა ასაკში. ზოგიერთი სცენა ძალიან რეალისტური იყო და მე ვერც კი ვხვდები, როგორ, იმიტომ, რომ ეს სცენები ჩემს წიგნში არ ყოფილა და ვერ გამიგია, როგორ გამოვიდა ასეთი რეალისტური. მაგალითად, სცენა ინდოეთში მესამე კლასის რკინიგზის ვაგონში ერთ ქალთან ერთად  – ზუსტად ისე იყო, როგორც მახსოვდ. რაღაც მისტიკური ამბავია.“

ალბათ  მომაჯადოებელი განცდაა, როდესაც დიდ ეკრანზე ხედავ ყველაფერს, რაც თავს გადაგხდენია; როდესაც უკან იხედები და უყურებ იმ ყველაფერს, რისთვისაც მიგიღწევია და რაც გითქვამს.  როგორ გინდათ, რომ გაგიხსენონ?

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„რა რთულია არა? ამ კითხვას ხშირად ვუსვამდი სხვებს, როგორც ჟურნალისტი, ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია, რომ მეც მკითხე…“

მხოლოდ სამართლიანობა მამოძრავებს…

გლორია სტაინემი, ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და მწერალი:

„ვისურვებდი, მომიგონონ, როგორც ადამიანი, რომელსაც კეთილი გული ჰქონდა და ცდილობდა, ქვეყანა იმაზე ცოტათი სამართლიანი და თანაგრძნობისუნარიანი დაეტოვებინა, ვიდრე ის მის დაბადებამდე იყო.“

ავტორი: ტოკუნბო სალაკო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend