მთავარი მსოფლიო მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,  მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია.

ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მიიჩნევს, რომ რეალური მონაცემები სავარაუდოდ, 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტია.

კორონავირუსი პირველად 2019 წელს გამოვლინდა, შემდეგ სწრაფად გავრცელდა და არაერთხელ განიცადა მუტაცია. გაეროში კვლავ მსჯელობენ ვაქცინაციის სამართლიანი კამპანიის შესახებ.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის თანაშემწე ფლორენსია სოტო ნინო-მარტინესი ამბობს, რომ გენერალურ მდივანს არასამართლიანად მიაჩნია ის, რომ მდიდარმა ქვეყნებმა ე.წ. „ბუსტერ დოზების“ გაკეთება დაიწყეს იმ დროს, როდესაც აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. მისი თქმით, მათ წლის ბოლომდე ვაქცინა უნდა მიაწოდონ თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 40%-ს, 2022 წლის შუა პერიოდისთვის კი –  70%-ს.

რუმინეთში მეოთხე ტალღასთან გამკლავებას პაციენტების გერმანიაში გადაყვანით ცდილობენ. ინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს უნგრეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში, რადგან ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება ინფიცირებულთა ნაკადს

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ნიდერლანდებშიც. ქვეყანაში დაწესდება მორიგი შეზღუდვები, სავალდებულო გახდება ნიღბის ტარება,  საჯარო სივრცეში კი მოქალაქეებს „კოვიდ საშვის“ წარდგენა მოეთხოვებათ.  ორშაბათს, გასულ კვირასთან შედარებით, ქვეყანაში 45%-ით არის მომატებული შემთხვევათა რაოდენობა.

საბერძნეთში კი ინფიცირების 5000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 50 ადამიანი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი  ნაწილობრივ ვაქცინაციის დაბალი ტემპია. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ  პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend