მთავარიგადაცემებიოკეანემარჯნის რიფები: ბრძოლა ოკეანის ბიომრავლაფეროვნების გადასარჩენად

მარჯნის რიფები: ბრძოლა ოკეანის ბიომრავლაფეროვნების გადასარჩენად

კუნძული ბონეირი,რომელიც ნიდერლანდების სპეციალური მუნიციპალიტეტია კარიბის ზღვაში, ულამაზესი მარჯნის რიფების სიმრავლით არის ცნობილი.

მარჯანი ოკეანის საგანძურია. მარჯანი ზღვის ფსკერის მცირე ნაწილს ფარავს, თუმცა მის რიფებზე საზღვაო ფლორისა და ფაუნის მეოთხედი გვხვდება.

მარჯნის რიფების წყალობით ასობით ათასი ადამიანი შოულობს ლუკმაპურს, რიფები აკავებენ ნახშირბადის დიოქსიდს და ტროპიკულ სანაპიროებს შტორმული ტალღებისგან იცავენ.

1979 წელს ბონეირმა მთელი თავისი სანაპირო წყლის აკავტორია ეროვნულ პარკად გამოაცხადა. აქ ყველა სახის საზღვაო საქმიანობას  მკაცრად არეგულირებენ. რეინჯერები მუდმივად პატრულირებენ ზღვაში და თვალყურს ადევნებენ კანონის აღსრულებას.

როქსანა-ლიანა ფრანსისკა, ველური ბუნებისა და ზღვის ბიოლოგი ბონეირის ეროვნული პარკის ფონდი STINAPA Bonaire-დან:

„მთელი აკვატორია 60 მეტრის სიღრმის ჩათვლით ბონეირის ეროვნული ზღვის პარკია. ჩვენს კარიბის ზღვაში ყველაზე დაცული რიფებია. ამ წყლებში, სადაც არ უნდა ნახო, ყველგან გასაოცარ ბიომრავალფეროვნებას წააწყდები.“

რეინჯერები წყლის ტემპერატურას სხვადასხვა სიღრმეზე სენსორების მეშვეობით ზომავენ: სითბოს მომატებამ შესაძლოა მარჯნის გაუფერულება გამოიწვიოს, ამ დროს მარჯანი თეთრდება და ზოგჯერ კვდება კიდეც. მარჯანს ის ქიმიკატებიც აზიანებენ, რომლებსაც ჩამდინარე წყლები და კანის მზისგან დამცავი საშუალებები შეიცავენ. ჭარბმა თევზჭერამ კი შესაძლოა მარჯნისთვის მავნე წყალმცენარეებისა და ჭიების გავრცელება გამოიწვიოს. ამიტომ ბიოლოგები რიფებს აკვირდებიან, რომ ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც კი არ გამოეპაროთ.

როქსანა-ლიანა ფრანსისკა, ველური ბუნებისა და ზღვის ბიოლოგი ბონეირის ეროვნული პარკის ფონდი STINAPA Bonaire-დან:

„ ხალხი ჩვენს რიფებს ბოლო 40 წელია სხვადასხვა გზით აკვირდება.  მართალია, ჩვენი რიფები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ თუ 5 და 10 მეტრის სიღრმეზე ვნახავთ, იქ რიფების თითქმის ნახევარი დავკარგეთ. გასულ წელს ძალიან მასშტაბური გაუფერულება იყო, რიფების 60 პროცენტი გარკვეული ხარისხით გაუფერულდა. საბედნიეროდ, მარჯნის უმეტესობა აღდგა.“

რიფების სიცოცხლისუნარიანობა მჭიდროდ უკავშირდება ბონეირის ხმელეთის ეკოსისტემას, სადაც უხვადაა ჭაობი, მანგოს ხეები და ბევრი ფრინველი ბუდობს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ბონეირის მოსახლეობა გაორმაგდა და ჩამდინარე წყლის ნაკადიც გაიზარდა. გაუტყევების გამო ხმელეთის დაბინძურებული ნაწილი ოკეანეში ხვდება.  მსგავსი საფრთხეები მარჯანს მთელ მსოფლიოში აზიანებს.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ გასულ ათ წელიწადში ჩვენს პლანეტაზე არსებული მარჯნის რიფების 14 პროცენტი გაქრა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მარჯანი გადაშენდეს – ამას კი კატასტროფული შედეგები მოჰყვება როგორც ზღვის ეკოსისტემის, ისე სანაპიროს ეკონომიკისთვის.

ყოველ წელს კარიბის რიფების წყალობით, ტურიზმის სექტორში ასობით მილიონი ევრო შედის. ბონეირი, რომელსაც „მყვინთავების სამოთხეს“ უწოდებენ, მთელი წლის განმავლობაში იღებს აკვალანგით ყვინთვისა და ზოგადად წყალქვეშა ცურვის ნებისმიერი მიმდინარეობის მოყვარულებს.

ყვინთვის ადგილობრივი ცენტრების ნაწილი თანამშრომლობს „ბონეირის რიფების აღდგენის“ მცირე არაკომერციულ ორგანიზაციასთან, რომელსაც იტალიელი ზღვისა და გარემოს მკვლევარი ფრანჩესკა ვირდისი ხელმძღვანელობს.  ფრანჩესკამ ეს ფონდი 10 წლის წინ  გაქრობის პირას მდგარი რიფების გადარჩენის მიზნით დააარსა.

ეს თავთხელი, სადაც ახლა მკვდარი მარჯნის ნარჩენები ყრია, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ცოცხალი მარჯნით იყო დაფარული.

ფრანჩესკა ვირდისი, „ბონეირის რიფების აღდგენის“ ფონდის კოორდინატორი:

„სამწუხაროდ, მარჯნის რიფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნადგურდება. მართალია, ჯერ კიდევ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ, რომ ბონეირში, კარიბის ზღვის აუზში, ერთ-ერთი საუკეთესო რიფები გვაქვს, მაგრამ აქაურობა აღარ არის ძველებურად ხელუხლებელი.“

მარჯნის გადარჩენის ერთ-ერთი გზა „მარჯნის მოშენებაა“: ადგილობრივ წყალქვეშა სანერგეში დაახლოებით 15 ათას სხვადასხვა სახეობის მარჯანს ზრდიან. მათი გამრავლება ე.წ. ფრაგმენტაციის მეთოდით ხდება, რომლის დროსაც მარჯანს შუაზე ჭრიან.

ფრანჩესკა ვირდისი, „ბონეირის რიფების აღდგენის“ ფონდის კოორდინატორი

„მარჯანი სინამდვილეში ათასობით მომცრო პოლიპისგან შემდგარი კოლონიაა. მათი დახლეჩის გზით შესაძლებელია ახალი პოლიპის წარმოქმნა. დავუშვათ, მე მარჯანი ვარ და მკლავი მოვიჭერი. ამ მკლავიდან მეორე ფრანჩესკა Francesca აღმოცენდება, ხოლო თავად ფრანჩესკას ახალი მკლავი გაეზრდება. საბოლოო ჯამში ორი ფრანჩესკა გვეყოლება!“

„ბონეირის რიფების აღდგენის“  ორგანიზაციაში სულ რამდენიმე წევრია, თუმცა მათ უამრავი მოხალისე ეხმარება. ეს არაკომერციული ორგანიზაცია ძირითადად კერძო შენატანებით არსებობს, მისი რამდენიმე პროექტი კი მიზნობრივ საჯარო დაფინანსებას იღებს, მათ შორის ევროკავშირიდანაც.

ერნსტ ნოიონსი, „ბონეირის რიფების აღდგენის“ ფონდის  რიფების აღდგენის სპეციალისტი:

„წელს 10 ათასზე მეტ სანერგეში შვიდი ათას ხუთასი მარჯნის ტოტი გადავრგეთ…ყველა სანაშენეში დარგული თითოეული მარჯნის ხე ერთი გენოტიპის მარჯანს წარმოადგენს. როდესაც ისინი ერთადაა დარგული და ერთმანეთს ეხებიან, ერთმანეთში იხლართებიან და ერთად იზრდებიან.“

მაგრამ გენეტიკური მსგავსების გამო, შესაძლოა მთელი რიფი ერთმა და იმავე საფრთხემ დააზიანოს. ამ ნაკლის აღმოფხვრა რიფების აღდგენის ახალ მეთოდს შეუძლია, რომელიც მარჯნის ფრაგმენტაციის ნაცვლად, მათ რეპროდუქციულ უჯრედებს იყენებს.

ფრანჩესკა ვირდისი, „ბონეირის რიფების აღდგენის“ ფონდის კოორდინატორი:

„ჩვენ ვიყენებთ მარჯნის სქესობრივი გამრავლების ორგანოებს, რომ ახალი გენეტიკურად უნიკალური მარჯანი  მივიღოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გენეტიკურად რაც უფრო მრავალფეროვანია რიფი, მით უფრო გამძლეა.“

მარჯანი რეპროდუქციულ უჯრედებს წყალში ე.წ. „მასობრივი ქვირითობის დროს“ ყრის. მკვლევრები აგროვებენ ამ სასქესო უჯრედებს და სინჯარაში ანაყოფიერებენ. შედეგად ჩნდება მარჯნის მატლი, რომელსაც გაშლილ ზღვაში მოტივტივე სანაშენეში ვარსკვლავის ფორმის კერამიკის ფილებზე ათავსებენ.

ერნსტ ნოიონსი, „ბონეირის რიფების აღდგენის“ ფონდის რიფების აღდგენის სპეციალისტი:

„ჩვენ ვცდილობთ, ამ კერამიკის ვარსკვლავებზე ძალიან ბევრი მატლი დავსვათ, მერე ათასობით ვარსკვლავს უკან, რიფებზე, ვაწყობთ. შემდეგ ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს ზრდა ამ მცირე სანერგეებში.“

კლეინ-ბონაირე ბონეირის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულია. ჩვენ აქ ჩავყვინთეთ, რათა  ორი ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებული უზარმაზარი დატოტვილი მარჯნის რიფები გვენახა -ეს „რიფების აღდგენის“ ფონდის ერთ-ერთი პლანტაციაა.

აქტივისტები ამბობენ, რომ მარჯნების გადარჩენაში ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს –  ზოგს შეუძლია მზისგან კანის ეკოლოგიური დამცავი გამოყენოს, ფონდს თანხა შესწიროს ან მარჯნის განახლებაში მოხალისედ იმუშაოს.

მყვინთავებს შეუძლიათ, ორდღიანი გადასამზადებელი კურსები გაიარონ და მარჯნის სანაშენის მოვლის საფუძვლები აითვისონ.

გილიერმო ალკორტა, რიფების აღდგენის ყვინთვის ინსტრუქტორი:

„2500-ზე მეტ მყვინთავს მივეცით ჩვენი ფონდის სერტიფიკატი…ბონეირში საყვინთი ინვენტარის მაღაზიების 80 პროცენტი ჩვენს პროგრამაშია ჩართული. ხალხი უზომოდ დიდ ენთუზიაზმს იჩენს.“

ბელგიელი მოხალისე ზღვის ბიოლოგი ჯერალდინ მერტენსი თვლის, რომ რიფების დაცვის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მინდოდა, ეს საკითხი სიღრმისეულად შემესწავლა, რათა მეც შემეტანა ჩემი წვლილი,“ – ამბობს იგი.

მისი ინგლისელი კოლეგა რებეკა ტერნერი კი ფიქრობს, რომ მოხალისეობას ნამდვილად აქვ აზრი.

„ზოგჯერ ფიქრობ, რომ  ეს ძალიან შორს არის, თანაც წყალქვეშ – როგორ გინდა, რომ დაეხმარო? მაგრამ როცა  ადამიანს დახმარების ხელს უწვდი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს,“ – ამბობს რებეკა.

მოხალისეების ჩართულობა ზოგიერთი მარჯნის რიფისთვის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.  თუმცა  ჩვენს პლანეტაზე მარჯანი ზოგადად რომ გადარჩეს, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ მომავალი ათწლეულების განმავლობაში  გლობალური დათბობის პროცესის შემობრუნებას და იმ საფრთხეების აღმოფხვრას, რომლებიც ზღვის ფლორასა და ფაუნას ემუქრება.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend