მთავარისაქართველოშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 30 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო 9 საქმეზე, დააკავეს 7...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 30 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო 9 საქმეზე, დააკავეს 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის წესით, გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 9 ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

საარჩევნო უბნების დახურვამდე, პოლიციამ ზუგდიდსა და რუსთავში, ადმინისტრაციული წესით კიდევ 6 პირი დააკავა. უწყება იტყობინება, რომ ეს პირები „არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები“ და ისინი „არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას“.

შს სამინისტროს მიერ ამ დრომდე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში საქმე აღიძრა შემდეგ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით:

  • ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ეს ფაქტი შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელსაც, პოლიციის განცხადებით, „ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
  • ქარელის N2 საარჩევნო უბანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია “მონიტორინგის“ ჟურნალისტს. გამოძიება დაიწყო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.;
  • ქალაქ ფოთში, N12-ე საარჩევნო უბანში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს;
  • სენაკის რაიონულ სამმართველოში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს;
  • აჭარის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების – “მთავარისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს;
  • ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზეც. მოქალაქის განმარტებით, მას აგიტატორის კუთვნილი სიები ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნულ მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით;
  • დიდი დიღმის N40 საარჩევნო უბანში ძალადობის ფაქტის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლების შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამკვირვებლების გადმოცემით, ისინი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრის კუთვნილ ავტოფარეხში მსხდომი პირების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი დამკვირვებლის განმარტებით, მან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები და დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. დამკვირვებლები ამ ეტაპზე უარს აცხადებენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გამოცხადებაზე.

ასევე, შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება ძალადობის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებულ ორ საქმეზე:

  • ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს;
  • სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია “მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;

უწყება იტყობინება ასევე რეაგირების შესახებ საარჩევნო კოდექსის იმ მოთხოვნათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე, რომელთა შესახებაც მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას ადგილობრივი დამკვირვებლები.

შს სამინისტროს ცნობით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე და 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე „ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 18 შემთხვევაზე“ და „პირველად“ ფაქტებზე, შესაბამისი ოქმებით, კონკრეტულ პირებს „მიეცათ გაფრთხილება“.

„გამოვლენილ ინციდენტებზე ტარდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“ – ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend